ჯანდაცვის სექტორში ჰოლდინგური ჯგუფები არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მათ მიმართ მიდგომების შეცვლის საჭიროება არ დგას.
ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
„სამედიცინო და ფარმაცევტულ ბაზარზე, სამწუხაროდ, გვაქვს მოცემულობა, როდესაც გვყავს მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფები. ასეთი რეალურად სამი ჯგუფია, რომლებსაც ბაზარზე გააჩნიათ იმპორტი, ფარმაცევტული ქსელი, საავადმყოფოები, სადაზღვევო კომპანიები. აქაა ჯგუფური დომინირება. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, თუ სამი კომპანიის წილი აღემატება 50%-ს, ეს უკვე ითვლება ჯგუფურ დომინირებად. სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფის წილი კი ბაზარზე 90%-ს უახლოვდება.
ამ პირობებში, მნიშვნელოვანია, შეფასებები ვაკეთოთ როგორც კონცენტრაციების, ისე ბაზრის მონიტორინგის კუთხით.
მთავარი შემდეგია: ზოგადად, ყველა ევროპულ ქვეყანაში, რაც არ უნდა ლიბერალური ქვეყანა იყოს, სამედიცინო ბაზარი არის მაქსიმალურად რეგულირებული და ეს რეგულაციები მაქსიმალურად გამჭვირვალეა.
მეორე: არის შემთხვევები, როდესაც ამ ჰოლდინგურ ჯგუფებში ადგილი აქვს ხელოვნური მოთხოვნის გაჩენის ფაქტებსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ მედიკამენტზე, რომელიც შეიძლება იყოს კონკრეტული ჯგუფის მიერ წარმოებული ან იმპორტირებული, შესაძლოა არსებობდეს ზეწოლა რეცეპტის გამომწერზე, რომ არჩევანის შემთხვევაში მოქალაქეს სწორედ იმ მედიკამენტზე მიუთითონ, რომელიც მისი ჯგუფის ინტერესში შედის და არა სხვაზე, როდესაც ბაზარზე, შესაძლოა, არჩევანი იყოს ანუ მედიკამენტს ერთი და იგივე შემადგენლობა ჰქონდეს და ეფექტიც პრაქტიკულად იგივე ჰქონდეს.
როდესაც ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ, დავინახეთ, რომ ბაზარზე იყო ერთი და იგივე ქიმიური ნივთიერებების მქონე სხვადასხვა მედიკამენტი - იყო შვეიცარიულიც, ბრიტანულიც, კვიპროსულიც და არაევროპული ქვეყნებდანაც. ფასები იყო აბსოლუტურად დიფერენცირებული - მაგალითად, შვეიცარიული მედიკამენტი ღირდა 30 ლარი, ბრიტანული კი 9 ლარი. იყო შემთხვევები, როდესაც საერთო მარკის მითითება ხდებოდა და ხელოვნური მოთხოვნის საფუძველზე ხდებოდა კონკრეტული მედიკამენტის რეალიზაცია,“ - აღნიშნა ლექვინაძემ და განმარტა, რომ სწორედ ამის გათვალისწინებით სააგენტომ გასცა რეკომენდაციები ჯენერიკული და ელექტრონული რეცეპტების დანერგვის შესახებ, რაც განხორციელდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ფარმაცევტმა მომხმარებელს კონკრეტული მედიკამენტის სამი ხელმისაწვდომი არჩევანი უნდა შესთავაზოს.
ამასთან, ამოქმედდა რეფერენტული ფასებიც, რომლის პირობებშიც ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აქცენტირება კომპანიისთვის ნაკლებად მოტივირებულია.
თუმცა, ლექვინაძის თქმით, შეიძლება, პრობლემები მაინც არსებობდეს, რადგან ჰოლდინგური ჯგუფები ორიენტირებულები არიან კომერციულ სარგებელზე და არა პაციენტის საუკეთესო ინტერესებზე. ამიტომ, მისივე თქმით, მონიტორინგი გრძელდება და თუ უკვე განხორციელებული ან მიმდინარე რეფორმები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ კომერციულზე მეტად პაციენტის ინტერესი იყოს უპირატესი, ამ შემთხვევაში შესაძლოა, დაიწყოს ფიქრი ჰოლდინგური ჯგუფების მიმართ გარკვეული მიდგომის ჩამოყალიბებაზე.
„მანამდე კი, რომ ვთქვათ, რომ ჰოლდინგური ჯგუფები არ უნდა არსებობდეს, ამან, შესაძლოა ეფექტი ვერ მოგვცეს. იურიდიულად და სამართლებრივად შესაძლოა ეს მარტივად დაიყოს და დანაწილდეს, მაგრამ პრობლემა იგივე დარჩეს.
თუ მკაცრი კონტროლი უზრუნველყოფს ამ პროცესის გამართულობას, ჰოლდინგური ჯგუფების არსებობას პრობლემურად არ ვუყურებთ, თუმცა თუ ისევ დგება პრობლემა, რომ კომერციულ ინტერესს ატარებს ჰოლდინგური ჯგუფი, ალბათ დაგვჭირდება დამატებითი მუშაობა, რომ შინაარსობრივად მოხდეს ამის დაყოფა და არა მექანიკურად,“ - აღნიშნა ლექვინაძემ.





