საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6% არაგადამდები დაავადებების მკურნალობაზე მიდის. საუბარია როგორც პირდაპირ, ანუ მკურნალობის ხარჯებზე, ასევე იმ ზარალზე, რომელიც ეკონომიკას ადგება ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დროის სახით, ასევე იმის შედეგად, რომ თამბაქოს მოწევისთვის ადამიანები სამუშაო საათებში პაუზებს აკეთებენ და ა.შ.
ამის შესახებ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში მედიცინის დოქტორმა, თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორმა ლელა სტურუამ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს მეორე მონაცემებიც, რომელიც ჯანმოსთან ერთად დამუშავდა და რომლის თანახმადაც, 1 ლარის ჩადება მარილის მოხმარების შემცირებაში პერსპექტივაში 20 ლარის უკუგებას იძლევა. მისივე განმარტებით, ეს ციფრები იმით აიხსნება, რომ მარილი არის ინფარქტის, ინსულტის, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამ დაავადებების მკურნალობაში კი სახელმწიფოს სოლიდური თანხების დახარჯვა უწევს.
მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ხშირია არაჯანსაღი კვება, ჯანმრთელობის საკითხების მიმართ კი მოსახლეობის განათლების დონე დაბალია. ამასთან, ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში დაბალია. სტურუამ ალკოჰოლის მოხმარების საკითხებზეც ისაუბრა:
„მიუხედავად იმისა, რომ ვაზის და ღვინის ქვეყანა ვართ, არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების ზღვარგადასული რეკლამა. არ შეიძლება ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებიც პატივსაცემას იმსახურებენ, განსაკუთრებით ბავშვებისგან. შემდეგ კი გვირთულდება იმის დამტკიცება, რომ ალკოჰოლი სიჯანსაღე არ არის.“
მისივე თქმით, აუცილებელია გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის დონეც, რისთვისაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ ფიტნეს-დარბაზებში სიარული და სეირნობა და ცეკვაც ძალიან ეფექტიანია.





