თუ მთავრობა ჩათვლის საჭიროდ და ამ მოდელისკენ (დაშენებული პაკეტების) გადაიხრება - ამ შემთხვევაში 2027 წელს შესაძლებელია დაინერგოს. ისიც შესაძლებელია, რომ მთელი საქართველო ერთობლივად კი არ გადავიდეს ამ მოდელზე, არამედ გარკვეული კატეგორიის ადამიანები გადავიდნენ. მაგალითად, მოწყვლადი ჯგუფები, მასწავლებლები, პენსიონერები და სხვა. ამ მოდელში ბევრი რამ არის შესაძლებელი, რომ გაკეთდეს, - - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მოდელი სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია და ახალი არ არის.
"ჯანდაცვის სექტორში ფასები იზრდება და ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია არის ე.წ. შუამავალი. დაზღვევის დაშენებული პაკეტებზე ვსაუბრობთ, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრთანაც, რომ სასურველი არ არის წითელი ხაზით გაყოფილი კერძო და საყოველთაო ჯანდაცვა. მე მგონია, რომ დაზღვევის დაშენებული მექანიზმი უალტერნატივოა, ყველა გადაიხდის გადასახადს - სახელმწიფოს შეუძლია საბაზისო პაკეტი შექმნას და შემდგომში სადაზღვევო კომპანიამ დაამატოს და ყველას თავისი პაკეტი ექნება", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში, სიცოცხლის დაზღვევის რაოდენობა გაიზარდა, რადგან სესხი აღების დროს ეს სავალდებულო მოთხოვნაა.
"საქართველო ჯერ ისე არ არის განვითარებული, მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევის კლასიკური სქემები ჩვენთან არ არის. სიცოცხლის დაზღვევას მხოლოდ მაშინ გთხოვენ, როდესაც ბანკში სესხს იღებ. სწორედ ამიტომ, სიცოცხლის დაზღვევის მაჩვენებლები ბოლო წლებში გაიზარდა. არის სხვა ტიპის სიცოცხლის დაზღვევის რეალური მომენტები, როდესაც დაგროვებითი ხასიათი აქვს და საკმაოდ საინტერესო მოდელებია. მე მგონია, რომ უახლოეს 1-2 წელიწადში ასეთი სიცოცხლის სქემებიც გამოჩნდება საქართველოში", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად კერძო, ე.წ. დაშენებული პაკეტების შეძენის უფლება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს - ესენია ძირითადად ბავშვები, პენსიონერები და სხვა შედარებით მოწყვლადი ადამიანები. დანარჩენ შემთხვევაში, გარკვეული შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ეს უფლება შეზღუდულია და მათ უწევთ არჩევანის გაკეთება კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდულ პაკეტებს შორის, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა არ შეუძლიათ (თუმცა გარკვეული სერვისები, მაგალითად მშობიარობის დაფინანსება შენარჩუნებული აქვთ, ბოლო პერიოდში კი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ონკო-სერვისებისთვის განკუთვნილი დაფინანსებით სარგებლობის საშუალება მიეცათ).
bp.ge
 
     
                         
                         
                         
                         
                         
  
  
  
                             
  
  
 





 
     
     
     
    