საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში DRG სისტემის ამოქმედებიდან სამი წელი გავიდა.

სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა (DRG) 2022 წლის ნოემბრიდან დაინერგა. ეს რეფორმა მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სექტორში ხარჯების მართვის, გამჭვირვალობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ახალ მოდელზე გადასვლა ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო. სააგენტოს ცნობით, 2024 წლის ბოლოსთვის, რეფორმამ ხელი შეუწყო პაციენტების თანაგადახდების წილის მნიშვნელოვან შემცირებას (საშუალოდ, 27%-დან 12%-მდე).

„DRG სისტემის დანერგვამ, ასევე, გააძლიერა ჯანდაცვის ხარჯების გაზომვის შესაძლებლობა, პროგნოზირებადობა და გამჭვირვალობა. ამჟამად, სააგენტო აგრძელებს DRG სისტემის მონიტორინგს და შეფასებას, რათა უზრუნველყოს მისი გრძელვადიანი ეფექტურობა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, ეფექტურობისა და მდგრადობის გაძლიერებაში. 2024 წელს DRG ანაზღაურების პროცესში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები. ცვლილება შეეხო იმ შემთხვევებს, როცა პაციენტებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი სტაციონარული მკურნალობა. კონკრეტულად, ცვლილება შეეხო ფილტვის შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზებით რეანიმაციულ საწოლდღის ანაზღაურების მოდელს, პირველი 25 დღის განმავლობაში გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ 26-დან 65-ე დღმდე ინტენსიური თერაპიის ანაზღაურება ხდება საწოლდღის რეგრესიული კურსით. ანაზღაურება ხდება ყოველი სრული 5-დღიანი პერიოდის შემდეგ. ჰოსპიტალიზაციის 66-ე დღის შემდეგ კი, ყოველი დამატებითი საწოლდღე ანაზღაურდება 140 ლარით,“ - ნათქვამია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.