პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს შრომის ბაზრის კვლევის ანალიზის შედეგების პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, კვლევის მიზანია, დადგინდეს, როგორ უნდა გადანაწილდეს კვოტები სპეციალობების მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტებში, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.


კვლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად ჩაატარა. მასში ჩართული იყო "საქართველოს ბიზნესასოციაცია", ასევე საქსტატი.

კვლევამ საჯარო და კერძო სექტორში ის მიმართულებები დაასახელა, სადაც უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა.  მათ შორის დასახელდნენ ექთნის დამხმარე სპეციალისტები, რომლებზეც მოთხოვნა 5-წლიანი პერიოდისთვის 2781-ს შეადგენს, ხოლო ექიმ-სპეციალისტებზე - 2701-ს.


დოკუმენტის თანახმად, საშუალო წლიური ჩარიცხვა მედიცინის მიმართულებით, 5 წლის მონაცემებით  1242-ია, მათგან კურსდამთავრებულთა საშუალო მონაცემი - 961, საშუალო წლიური მოთხოვნა კი 706, შესაბამისად ჩარიცხვა-მოთხოვნას შორის დისბალანსია 536 ჩარიცხულებთან მიმართებით, ხოლო კურსდავრებულების კუთხით - 255.


შედარებით დაბალია (შესაბამისად - 6 და 58) დისბალანსი ფარმაციის მიმართულებაზე, შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, რომელიც პრემიერთან შეხვედრაზე  იმყოფებოდა, ზოგადად, ექიმების კუთხით ქვეყანაში დეფიციტი არ არის, თუმცა არის პრობლემა ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულებით.