2025 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტრომ 3 071 580 ლარის ღირებულების კოხლეარული იმპლანტის აპარატები შეიძინა. დაფინანსდა სმენის იმპლანტის 41 სრული კომპლექტი და 89 პროცესორი.


ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფო კოხლეარულ იმპლანტს სრულად აფინანსებს; ასევე სრულად ფინანსდება 8-თვიანი რეაბილიტაცია, იმპლანტის პროცესორი, რომლის გამოცვლა 5 წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი.

კოხლეარული იმპლანტაცია არის სმენის აღდგენის შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. 
სმენის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის ფასი 41 000 ლარია.

კოხლეარული იმპლანტი სმენის მძიმე დაქვეითების ან სრული სიყრუის მქონე ბენეფიციარების მდგომარეობას ძირეულად ცვლის - იმპლანტაციისა და რეაბილიტაციის შედეგად, ისინი ხმებს სრულფასოვნად აღიქვამენ, რაც მათ საზოგადოებაში მაღალი ხარისხით ინტეგრაციას განაპირობებს. 


ჭკვიანი აპარატი შიგნითა ყურის რეცეპტორებს ანაცვლებს და სმენის ნერვისთვის ბგერის გადაცემას უზრუნველყოფს.


შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს კოხლეარული იმპლანტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.