კლიმატური კრიზისით გამოწვეული ტემპერატურის მატება და აზიური ვეფხვის კოღოს გავრცელება სამხრეთ ევროპის ქვეყნებს დამატებით პრობლემებს უქმნის.

კერძოდ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი და საბერძნეთი, ვირუსს შეუძლია
წელიწადში ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გავრცელდეს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში - ორი თვის განმავლობაში.


დიდი ბრიტანეთის ეკოლოგიისა და ჰიდროლოგიის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კოღოში ვირუსის განვითარების შეჩერებისთვის საჭირო ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 2.5 გრადუსით დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. შესაბამისად, კოღოს ორგანიზმში ვირუსის განვითარების პირობები კიდევ უფრო ხელსაყრელი და ხანგრძლივი გახდა.

ახალი მონაცემების თანახმად, გადაცემის ზღვარი, რომელიც ადრე 16-18 გრადუს ცელსიუსად იყო შეფასებული, ახლა 13-14 გრადუს ცელსიუსამდე განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი საფრთხეს უფრო ფართო არეალში და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმნის.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ევროპაში დათბობის ტემპი დაახლოებით ორჯერ აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს და ხაზს უსვამენ, რომ ახლა მხოლოდ დროის საკითხია, სანამ დაავადება ჩრდილოეთისკენ გავრცელდება.


ჩიკუნგუნიას შემთხვევები, რომლებიც წარსულში იშვიათი იყო, 2025 წელს დიდ აფეთქებებად გადაიქცა, რამაც საფრანგეთსა და იტალიაში ასობით ადამიანი დააზარალა.

საფრანგეთში, შემთხვევების საერთო რაოდენობამ, რომელიც მანამდე მხოლოდ 30-მდე იყო, გასულ წელს 800-ს გადააჭარბა.

დაავადება შეიძლება ფატალური იყოს, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის. გარდა ამისა, ინფიცირებულთა დაახლოებით 40 პროცენტს შეიძლება ხუთი წლის შემდეგაც კი განუვითარდეს სახსრების ძლიერი ტკივილი და ართრიტის სიმპტომები.

ჩვეულებრივ, ევროპის ცივი ზამთრის თვეები ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენდა, აჩერებდა კოღოების აქტივობას და ხელს უშლიდა ვირუსის გადაცემას ერთი წლიდან მეორეზე.

თუმცა დაკვირვება, რომ კოღოები ახლა მთელი წლის განმავლობაში აქტიურები არიან სამხრეთ ევროპაში, მიუთითებს, რომ ეს ბუნებრივი დაცვა გაქრა.

ექსპერტები აფრთხილებენ მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია დაავადებისგან დასაცავად დამცავი ტანსაცმლის ტარება და მეთვალყურეობის ეფექტური სისტემების შექმნა. 


აზიური ვეფხვის კოღო თავდაპირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იყო გავრცელებული, თუმცა დღეს უკვე გვხვდება ევროპაში, ამერიკაში და სხვა რეგიონებში. მის გავრცელებას ხელს უწყობს კლიმატის ცვლილება და გლობალიზაცია. 

ეს კოღო ისეთი დაავადებების გადამტანია, როგორებიცაა დენგეს ცხელება, ჩიკუნგუნიას ცხელება, ზიკას ვირუსი, ყვითელი ცხელება და სხვა. ამ დაავადებებს გართულებების შემთხვევაში საკმაოდ მძიმე გამოსავალი ახასიათებს.