პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, საპილოტე პროგრამა ამოქმედდა - არსებულ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებებს 4 ლაბორატორიული და 2 ინსტრუმენტული გამოკვლევა დაემატა. ესენია:
მიკრო ალბუმინურიის (UACR) განსაზღვრა შარდში, კალიუმისა და ნატრიუმის განსაზღვრა სისხლში, შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში, გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, ექოკარდიოგრაფია (ტრანსთორაკალური, მხოლოდ გულის უკმარისობის C სტადიის დროს) და სპირომეტრია. ამის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ეკა შარაძემ განაცხადა.
საპილოტე პროგრამა, თბილისში, ლანჩხუთში, ხარაგაულში, საჩხერეში, დუშეთსა და ახალციხეში, 6 სხვადასხვა ამბულატორიულ დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე, გაზრდილი სერვისებით, სწორედ
ბენეფიციარები ისარგებლებენ.
„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტიანობა, დიდწილად, განსაზღვრავს დაავადებების დროულ გამოვლენას და მათ ადეკვატურ მართვას - ზოგადად, მომსახურებების ეფექტიანობას. უფრო სრულყოფილი და უნიფიცირებული
სერვისის უზრუნველყოფისთვის, მსოფლიო წამყვანი საუკეთესო გამოცდილების ანალიზით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, დამატებით, გარკვეული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საჭიროება გამოიკვეთა.
სიახლე შესაძლებლობას მოგვცემს, ქრონიკულ დაავადებათა გამოვლენა და მართვა უფრო ეფექტური გახდეს. ამასთან, პაციენტს აღარ მოუწევს დამატებით ფინანსური ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ მოხდეს ქრონიკული
დაავადებების ეფექტური მართვა“, - განაცხადა ეკა შარაძემ.





