ექსპერტების პროგნოზით, 5-10 წელიწადში რეგენერაციული მედიცინის მსოფლიო ბაზარი 5-10 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
ამ მიმართულებით ათასობით კვლევა მიმდინარეობს. ერთ-ერთია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიღწევა, რომელმაც წარმატებით შექმნა პატარა ხელოვნური თირკმლები იმ უჯრედების გამოყენებით, რომლებიც ძალიან ჰგავს ადამიანის თირკმელებში არსებულ უჯრედებს. ეს აღმოჩენა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თირკმლის დაავადების გენეტიკური საფუძვლების გაგებაში.
ნეფრონის უჯრედები თირკმლის ძირითადი სამუშაო ერთეულებია. ისინი ფილტრავენ სისხლს, არეგულირებენ წყლის დონეს და ხელს უწყობენ შარდის გამომუშავებას. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდმა მოახერხა ხელოვნური „წინამორბედი“ ნეფრონის უჯრედების გენერირება - უჯრედების, რომლებიც საბოლოოდ ქმნიან მომწიფებულ ნეფრონებს. სწორედ ისინი გამოიყენა 3D თირკმლის შესაქმნელად. ესაა მინიატურული თირკმელები, რომლებიც რეალური ორგანოს ძირითად ნაწილებს „ბაძავენ“.
ცდების პროცესში უჯრედებს შეეძლოთ ზრდის გაგრძელება სწრაფად დაბერების გარეშე.
ლაბორატორიაში გაზრდილი ნეფრონის წინამორბედი უჯრედები (NPC) ხელს უწყობდნენ როგორც თაგვის, ასევე ადამიანის ღეროვანი უჯრედების მდგრად ზრდას. როდესაც მკვლევარებმა შეისწავლეს ამ NPC-ების მიერ წარმოებული ნეფრონები, აღმოაჩინეს, რომ ისინი საოცრად ჰგავდნენ ადამიანის თირკმლის რეალურ წინამორბედ უჯრედებს. მაგრამ გუნდმა აღმოაჩინა კიდევ უფრო გასაკვირი რამ: ამ სრულად განვითარებულ უჯრედებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ უფრო ახალგაზრდულ, წინამორბედის მსგავს ფაზას. წამყვანმა ავტორმა ჟონგვეი ლიმ ხაზი გაუსვა აღმოჩენის მნიშვნელობას: „ჩვენ გავხსენით ახალი გზა თირკმლის თანდაყოლილ დაავადებებთან, ასევე კიბოს გაგებისა და მასთან ბრძოლისთვის“.
ლიმ დასძინა, რომ ამ გარღვევამ შეიძლება დააჩქაროს მედიკამენტების აღმოჩენა, გააღრმავოს თირკმელების განვითარებისა და დაავადებების გენეტიკური ფესვების გაგება და, რაც მთავარია, უზრუნველყოს ნეფრონის წინამორბედი უჯრედების საიმედო მიწოდება, როგორც აუცილებელი საშენი მასალა სინთეტიკური თირკმელებისთვის, რომლებიც მომავალში თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაში იქნება გამოყენებული.
რეგენერაციული მედიცინა არის მედიცინის მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს დაზიანებული ქსოვილების, ორგანოების ან უჯრედების აღდგენას, ჩანაცვლებას ან „გაცოცხლებას“.
მისი მიზანია არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება, არამედ ორგანიზმის თვით აღდგენის უნარის გამოყენება ან გაძლიერება.
ის იყენებს ღეროვან უჯრედებს, ქსოვილის ინჟინერიას (ლაბორატორიაში ქსოვილის შექმნა), ბიომასალებს, გენურ თერაპიას (დაზიანებული გენების „შეკეთება“ ან შეცვლა) და სხვა მეთოდებს.
რეგენერაციული მედიცინა იმედისმომცემია ისეთი დაავადებების მკურნალობაში, რომლებიც ადრე ქრონიკულად ან შეუქცევადად ითვლებოდა.





