„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შევიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამიერიდან, იმ შემთხვევაში, თუ სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კონკრეტული მომსახურება არ არის დეფიციტური - მომსახურებების მიმწოდებელ ორგანიზაციებს აქვთ ბენეფიციართა შეუვსებელი ადგილები და ამასთან, არ ფიქსირდება მომლოდინეთა რიგები, მომსახურების მიმწოდებელი ახალი ორგანიზაციის რეგისტრაცია სპეციალური წესით განხორციელდება.
ცვლილების თანახმად, რეგისტრაციის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუ რეგისტრაციის მსურველი ორგანიზაცია, მინიმალური სტანდარტებით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, სამინისტროს შესთავაზებს მომსახურების არსებითად ახალ/გაუმჯობესებულ პირობებს, რომელთა განხორციელებამაც დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს მომსახურების ხარისხზე და საბოლოოდ, ბენეფიციართა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რისკენაც მიმართულია სოციალური პროგრამა.
ცვლილებების შესახებ, სერვისის მიმწოდებლებს მიეწოდა ინფორმაცია , რომ ორგანიზაციის რეგისტრაციის შემთხვევაში, მასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დამატებითი პირობები. ამ პირობების შესრულებაზე, სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან, მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა კი ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ იგივე მიდგომა გავრცელდება ორგანიზაციაში რეგისტრირებული ადგილების ლიმიტების გაზრდაზეც.
ახალი მიდგომით, გამოირიცხება პროგრამაში ისეთი ორგანიზაციების ჩართვა, რომლებიც ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, ბენეფიციარს აწვდიან საშუალო ან დაბალი ხარისხის მომსახურებას, რაც გარკვეულწილად კეთილსინდისიერ მომწოდებლებსაც აზიანებს და ამცირებს მომსახურების ხარისხს. ამავე დროს, წახალისდება მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის ზრდა, რაც დადებითად აისახება სოციალური პროგრამის ბენეფიციართა მომსახურების ხარისხზე.
ცვლილების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, სერვისის მიმწოდებლებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები მუდმივ რეჟიმში იმართება.





