უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის საინტერესო არაა, რადგან, არსებული სქემით, უცხოეთის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი პაკეტებს არა ქართული, არამედ საკუთარი ქვეყნის სადაზღვევო კომპანიებისგან იყიდის.
ამის შესახებ დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაზღვევა სავალდებულო ხდება.
ახალი რეგულაციის მიხედვით საქართველოში შემოსვლისას ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. შემომავალი ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევის შემოღება ტურიზმის შესახებ კანონითაა გაწერილი, დაზღვევის სქემა და პირობები კი, მთავრობის დადგენილებამ უნდა განსაზღვროს.
აქამდე უცხოელი ვიზიტორები საქართველოში შემოსვლისას სადაზღვევო პოლისებს ნებაყოფლობით ყიდულობდნენ.
დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღება უკვე ასახულია ტურიზმის შესახებ კანონში. ამასთან, ხეჩინაშვილის თქმით, ცნობილია, რომ ამ პაკეტების გაყიდვა მსოფლიოს ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.
„შესაბამისად, დიდი ალბათობით, გაყიდვას, ძირითადად, შეძლებენ კომპანიები იმ ქვეყნებში, საიდანაც ტურისტები მოემგზავრებიან. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ნაკლებადაა აქ საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის ინტერესი,“ - აღნიშნა ხეჩინაშვილმა და დასძინა, რომ ეს არაა პატარა სეგმენტი და მისი წლიური ბრუნვა წელიწადში 100 მილიონზე მეტი იქნებოდა, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კარი ყველასთვის გააღოს. შედეგად კი პაკეტებს გაყიდიან იმ ქვეყნებში მოქმედი კომპანიები, საიდანაც ტურისტი მოდის. ანუ ამოქმედდა მოდელი, რომელიც საქართველოშია, როცა ქვეყნიდან გამავალი ტურისტი დაზღვევას ქართულ სადაზღვევო კომპანიებში ყიდულობს.
ხეჩინაშვილის თქმით, სავარაუდოდ, იქნება ტურისტების ისეთი ნაწილი, რომელსაც დაზღვევა არ აქვს და სწორედ ამ სეგმენტზე შეძლებენ ქართული კომპანიები პაკეტის გაყიდვას საზღვარზევე, თუმცა ეს არ იქნება დიდი რაოდენობა და, შესაბამისად, ეს ცვლილება ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვან შემოსავლებს ვერ მოუტანს.
დევი ხეჩინაშვილი ამბობს იმასაც, რომ აღნიშნული პაკეტის მინიმალური ლიმიტი 30 ათასი ლარია. თუმცა როგორ გაკონტროლდება ტურისტების მიერ დაზღვევის ქონა-არქონა, მისი თქმით, ეს უცნობია.




