„სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ეროვნულ სკრინინგ ცენტრს პრესტიჟული ჯილდო "Med Award 2025" გადაეცა. 


დაჯილდოების ცერემონიაზე ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ აღნიშნული აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უპირველეს ყოვლისა, უზომოდ მოხარულები ვართ ამ ნომინაციაში ჯილდოს მიღებით. სიცოცხლის გადარჩენაზე აღმატებული და საპატიო მიზანი არ არსებობს. ეს ჯილდო ეკუთვნის ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მაღალ კვალიფიციურ როგორც სამედიცინო, ისე ადმინისტრაციულ პერსონალს. ეს არის ერთიანი, შეკრული ჯაჭვი, რომელიც პაციენტის პირველივე ზარიდან კვლევის დასრულებამდე დაუღალავად შრომობს ადამიანების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად. ჩვენთვის თანაბრად ძვირფასია ყოველი შემთხვევა: როდესაც პაციენტი კლინიკას იმ მშვიდი ცოდნით ტოვებს, რომ ჯანმრთელია და ისიც, როდესაც ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი მცირე დაზიანებით თავიდან ვიცილებთ სიცოცხლისთვის საშიშ რისკებს. სწორედ დროული გამოვლენა არის ის მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც ადამიანებს დიდ საფრთხეს არიდებს.  ეროვნული სკრინინგ ცენტრისთვის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებისთვის, ეს აღიარება დიდი სტიმულია, მუდამ ვიყოთ თანამედროვე გამოწვევებისა და სამედიცინო მიდგომების ავანგარდში, მაგრამ ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაცაა. ვაგრძელებთ განვითარებას, რათა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო დახვეწილი სამედიცნო სერვისები შევთავაზოთ. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს!“ -  აღნიშნა ეთერ კიღურაძემ.