განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სამედიცინო განათლების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო კვლევითი ინსტიტუტებისა და კვლევითი პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე 2026–2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას.

ზვიად გაბისონიას თქმით, რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებსა და სამინისტროს შორის სისტემური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.
კონკრეტულად რა იცვლება უკვე მიმდინარე სასწავლო წლიდან, ჯერჯერობით დეტალები არ კონკრეტდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სამედიცინო უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს ჭარბად იღებს, ამიტომ, მისივე თქმით, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო სექტორმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება. 


„დღეს დაახლოებით 50/50-ზეა უხეშად გადანაწილებული ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში,შესაბამისად, ხდება რა – სახელმწიფოს მიერ შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ექიმების მოსამზადებლად ჩვენი სისტემისთვის და ამ ინფრასტრუქტურის ნახევარი ეთმობა უცხოელ სტუდენტებს. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა აკლდება პოტენციურ მომავალ ქართველ ექიმებს. ეს მდგომარეობა ვფიქრობთ, უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, უნდა დაინერგოს სწორედ ეს პრინციპი, უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. ეს იქნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, დაახლოებით 80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც 5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, მაგრამ გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს და რაც არის დასაკომპენსირებელი, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ და ამის რესურსი არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სხვა უმაღლეს სასწავლებლებს უკვე განესაზღვრათ ის სპეციალობები, რომლებიც მათში იფუნქციონირებს. ეს ცვლილება პრინციპის „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“ მიხედვით ინერგება. სამედიცინო უნივერსიტეტს კი ცვლილებები, როგორც დაანონსებულია, უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვის სახით შეეხება. ასევე სიახლეებია მოსალოდნელი რეზიდენტურის დაფინანსების კუთხით, რაც წლებია, უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემის ერთ-ერთი გამოწვევაა.

რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა განაცხადა, რომ რეზიდენტურის დაფინანსებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

მან დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს შესწავლა, რომელია დეფიციტური პროფესიები და შესაძლოა, სწორედ მათი დაფინანსება დაიწყოს სახელმწიფომ.

„უფასო რეზიდენტურა აუცილებელია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და განათლების და ჯანდაცვის სამნისტროები ამას ეთანხმებიან. ვფიქრობ, ძალიან მალე მნიშვნელოვანი ცვლლებები იქნება. რეზიდენტურის სწავლება უნდა იყოს დაფინანსებული. ეს ბევრ საკითხთანაა დაკავშირებული და რთულია, ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაწყვეტა. პირველ რიგში სტატისტიკაა დაასამუშავებელი. ვიცით, რამდენი დიპლომია გაცემული, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რეალურად რამდენი ადამიანი მუშაობს, რომელ სპეცალობაში რამდენი ადამიანი მუშაობს, რომელი გვაქვს დეფიციტური პროფესიები, ესაა შესასწავლი და მიმდინარეობს მუშაობა, რომ გამოვლინდეს დეფიციტური პროფესიები და იქ მაინც დავიწყოთ რეზიდენტურის დაფინანსება,“ - განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა. 
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა მეცნიერების განვითარების კუთხით, თუმცა გარკვეული კვლევები ახლაც ფინანსდება, მათ შორის - რუსთაველის ფონდის საშუალებით. ნატროშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ახალგაზრდა დოქტორანტებს. მისივე განცხადებით, საჭიროა მათი სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსება, ასევე ხელშეწყობა სამეცნიერო ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნებაში. თუმცა, მისივე განმარტებით, აუცილებელია განისაზღვროს ის რომელი კონფერენციები და ჟურნალები, რომლებთან თანამშრომლობაც რეალურად სარგებლის მომტანი იქნება.