თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ქეთევან კანკავას მიერ წარდგენილმა პროექტებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა.

კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:


  • 1. გინეკოლოგიური და ძუძუს კიბოს წინასწარგანწყობის ლოკუსები ქართველ პაციენტებში (ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი);

  • 2.დაავადების წინასწარგანწყობის ლოკუსების იდენტიფიცირება გინეკოლოგიური სიმსივნეების მქონე პაციენტებში საქართველოდან (ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტი).

პროექტების მიზანია იმ მეთოდზე მუშაობა, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს რამდენად განაპირობებს ესა თუ ის გენეტიკური ვარიანტი სიმსივნის კონკრეტული ქვეტიპის განვითარებას და მის აგრესიულ ან ნაკლებად აგრესიულ მიმდინარეობას, ასევე,  გენოტიპის შესახებ მიღებული ინფორმაცია სამომავლოდ დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და მკურნალობის დაგეგმვის პროცესში იქნება გათვალისწინებული.

სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიღებული ცოდნა  შეცვლის პათოლოგანატომების, ონკოლოგებისა და მოლეკულური ბიოლოგების სამუშაო პროცესს და კვლევის ინტერდისციპლინური შედეგიანობის მაჩვენებელია.
პროექტები, რომლებშიც ჩართული არიან თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტები, განხორციელდება თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ადამიანის გენომის კვლევის ცენტრში.