საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპაში აივ ინფექციის შემთხვევების ნახევარზე მეტი დიაგნოზირებულია ძალიან გვიან, რაც დროულ და, შესაბამისად, ეფექტიან მკურნალობას ხელს უშლის.
სააგენტოების ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპას სასწრაფოდ სჭირდება პრევენციისა და ტესტირების უკეთესი პრაქტიკა, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
„ჩვენ საკმარისს არ ვაკეთებთ სტიგმისა და დისკრიმინაციის სასიკვდილო ბარიერების მოსაშორებლად, რომლებიც ხელს უშლის ადამიანებს მარტივი ტესტის ჩატარებაში“, - განაცხადა დოქტორმა ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადრეული დიაგნოზი „არ არის პრივილეგია, არამედ ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების კარიბჭე და აივ ინფექციის შეჩერების გასაღები“.
ჯანმო-სა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ევროპაში აივ ინფექციის დიაგნოზი სულ 105,922 ადამიანს დაუსვეს. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული კი ჯამში 2.68 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წელს აივ ინფექციის ახალი დიაგნოზის შემთხვევების ნახევარზე მეტი გვიანი დიაგნოზის კატეგორიაშია. შემთხვევათა 33.6 პროცენტში ვირუსის აღმოჩენის დროისთვის დაავადება უკვე შორსწასული იყო.
დოქტორმა კლუგემ სიტუაცია შეაფასა, როგორც „ჩუმი კრიზისი, რომელიც ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს“.
თუ არ ჩავთვლით COVID-19 პანდემიის შემდეგ გაზრდილი ტესტირების შედეგად დამდგარ პიკს, ბოლო ათწლეულებში ევროპაში აივ ინფექციის შემთხვევები მცირდებოდა. თუმცა, ანგარიში გვაფრთხილებს, რომ ეს კლება შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს.
გვიანი დიაგნოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში (80.6 პროცენტი), ასევე ჩრდილოეთ მაკედონია (74.5 პროცენტი), ხორვატიასა (68.3 პროცენტი) და შვედეთი (66.7 პროცენტი).
ამის საპირისპიროდ, ფინეთში (27 პროცენტი) და კვიპროსში (41 პროცენტი) ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია.
აივ ინფექცია იმუნურ სისტემას ესხმის თავს, რაც ადამიანებს სხვა ინფექციების მიმართ დაუცველს ხდის. შესაბამისი მკურნალობის გარეშე, ის შეიძლება შიდსში გადაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ განკურნების შესაძლებლობა არ არსებობს, შესაბამისი მოვლითა და მედიკამენტებით აივ ინფექციის სრულად კონტროლი შესაძლებელია და პაციენტებს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება აქვთ.





