როგორ უნდა აიცილოს ქვეყანამ ექთნებისა და მეან-ექთნების დეფიციტის გაღრმავება, რომელიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.

ამ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებისა და საექთნო ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიის ხელშეწყობის მიზნით გაიწერება როგორც ახლო, ისე გრძელვადიანი პრიორიტეტები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიზანია, ექთნებისა და მეან-ექთნების სფეროში არსებული შესაძლებლობები ეტაპობრივად გაძლიერდეს.


მინისტრის განცხადებით, ხარისხის განვითარების მიმართულებით, რეფორმა გაგრძელდება და ნებისმიერი ცვლილება დეტალურ ანალიზს და სექტორთან უწყვეტ დიალოგს დაეფუძნება,

რათა თავიდან იქნას აცილებული კადრების დეფიციტის გაღრმავება.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


2022 წელს მთავრობამ შემოიღო მინიმალური ხელფასი საათში 4.4 ლარის ოდენობით საავადმყოფოს ექთნებისთვის და საათში 7 ლარის ექიმებისთვის, 2024 წელს პროგრამა გაფართოვდა და გავრცელდა ექიმების ასისტენტებზე (5 ლარი საათში), ბებიაქალებზე (4.4 ლარი საათში), ექთნების ასისტენტებზე (3.5 ლარი საათში), ასევე სანიტარულ პერსონალზე (3 ლარი საათში).

„ექთნების კადრების გაძლიერება კვლავ გამოწვევად რჩება დაბალი ხელფასების, მუდმივი გენდერული უთანასწორობისა და ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში მიგრაციის გამო,“ - წერია ჯანმოს ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში.