საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეულ ხარჯებში ჰოსპიტალიზაციის წილი მცირდება.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 68%-ს შეადგენდა, 2024-ში კი უკვე 64-ს. შემცირებულია ამბულატორიის წილიც 11-დან 9%-მდე.
ხოლო 15-დან 19%-მდეა გაზრდილი ონკოლოგიის მაჩვენებელი.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ამ ტენდენციებს იმ სიახლეებით ხსნის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ბოლო პერიოდში ამოქმედდა.
კერძოდ, 2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს (დაზღვევისა და სოციალური სტატუსის (შემოსავლის) მიუხედავად) შეუძლია, მიიღოს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო, ჰორმონო და იმუნოთერაპია) სრულად − ლიმიტის გარეშე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
რაც შეეხება სტაციონარს, სააგენტო აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდ პროცენტულ მაჩვენებელს 2023 და 2024 წლებში სწორედ სტაციონარული კომპონენტი შეადგენს. თუმცა, 2024 წელს შეინიშნება კლების ტენდენცია, რაც მნიშვნელოვნად დაკავშირებულია DRG - მეთოდოლოგიის ამოქმედებასთან.
„ამასთან, მზარდია ონკოლოგიის კომპონენტის წილი, ის მთლიანი დანახარჯების 19%-ს აღწევს. ეს ფაქტი გამოწვეულია იმით, რომ 2024 წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიიღოს ონკოლოგიის სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო, ჰორმონო და იმუნოთერაპია) სრულად − ლიმიტის გარეშე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ამასთან, გაზრდილია პროგრამულ (ქრონიკულ) მედიკამენტებზე დანახარჯების წილი, რაც ახსნადია 2024 წელს წლიური ლიმიტების მოხსნით და ქრონიკულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით,“ - ვკითხულობთ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებისთვის თანხების ანაზღაურების ახალი მეთოდი DRG 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა.





