აუტიზმთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები და FDA-ს გადაწყვეტილება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ რეზონანსულ თემად იქცა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის განცხადებით, აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, პრეპარატ „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას 20 წელია ელოდება.
„ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი 100 პროცენტით გარკვეულია, თუმცა ვფიქრობ, დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ორსულებს მოუწოდა, შეამცირონ „ტაილენოლის“ მიღება, რადგან, შესაძლოა, მისი გამოყენება აუტიზმის რისკს ზრდიდეს.
აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში, ჯანდაცვის მინისტრ რობერტ კენედი უმცროსთან ერთად გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ 2000 წლის შემდეგ აუტიზმის მაჩვენებელი 400 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი.
პრეპარატი „ტაილენოლი“ ასევე ცნობილია, როგორც „პარაცეტამოლი“.
საკითხს ეხმაურება ავტორიტეტული სამეცნიერო გამოცემა Nature-ი. მას მოჰყავს სტოკჰოლმის კაროლინკას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის და ამ საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის ავტორის ვიქტორ ალკვისტის სიტყვები იმის შესახებ, რომ ამ პრეპარატსა და აუტიზმს შორის კავშირის დადგენა რთულია. მისი განმარტებით, პრეპარატი ურეცეპტოდ იყიდება, ამიტომ მისი მიღების ბევრი შემთხვევა სამედიცინო ბაზებში დაფიქსირებული არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ მკვლევრები პაციენტების მონათხრობს ეყრდნობიან, რაც შესაძლოა, არასაიმედო იყოს.
ალკვისტის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოყენებულ იქნა თითქმის 2,5 მილიონი ბავშვის მონაცემები, რომლებიც შვედეთში 1995 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში დაიბადნენ. მეცნიერმა ასევე გამოიყენა ქვეყნის სამედიცინო დოკუმენტაცია ორსულებში აცეტამინოფენის დანიშვნის შესახებ და იმის თაობაზე, დაუდგინდათ თუ არა ასეთი ქალების შვილებს მოგვიანებით აუტიზმი.
კვლევის შედეგები ასეთია: იმ ბავშვების 1,42%-ში, რომლებმაც მუცლად ყოფნის პერიოდში აცეტამინოფენის ზემოქმედება განიცადეს, აუტიზმი დადასტურდა. 1,33% იყო ეს მაჩვენებელი იმ ბავშვებში, რომელთა დედებსაც ორსულობისას ეს პრეპარატი არ დაულევიათ. შესაბამისად, სხვაობა, ალკვისტის შეფასებით, „ძალიან უმნიშვნელოა.“
მეტი სიზუსტისთვის მკლევრებმა ასევე ერთმანეთს შეადარეს დედმამიშვილები, რომელთაგან ერთმა განიცადა აცეტამინოფენის ზემოქმედება, მეორემ კი - არა. მათ საერთო გენეტიკა და აღზრდის ერთნაირი პირობები აქვთ, ამიტომ რომელიმე მათგანში აუტიზმის გამოვლინება, ლოგიკურად, პრეპარატის ზემოქმედების შედეგი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ მეთოდის გამოყენების შედეგადაც, ექიმებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი აცეტამინოფენის მიღებასა და აუტიზმს შორის.
ამ მედიკამენტსა და აუტიზმს შორის კავშირის დადგენას მიეძღვნა კიდევ ერთი მასშტაბური კვლევა, რომელიც იაპონიაში ჩატარდა და რომელშიც 200 ათასამდე ბავშვი იღებდა მონაწილეობას. კვლევის მეთოდი ასევე ემყარებოდა დებისა და ძმების შედარებას. ორსულობაში აცეტამინოფენის მიღებასა და აუტიზმს შორის კავშირი ვერც ამ კვლევამ გამოავლინა.
არსებობს თუ არა კვლევები, რომლებიც ამ პრეპარატსა და აუტიზმს შორის კავშირზე მიუთითებს?
ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ჟურნალ Environmental Health-ში აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც მსგავსი კავშირის არსებობის დაკვნამდე მივიდა. თუმცა მეოთხე კვლევა ამბობს, რომ აცეტამინოფენის მუცლადყოფნის პერიოდის ზეგავლენა დიდი ალბათობით არ იწვევს აუტისტური სპექტრის დარღვევების რისკების კლინიკურად მნიშვნელოვან ზრდას.
„არ არსებობს არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება ან კვლევა, რომელიც დაადასტურებდა რაიმე სახის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, და ნებისმიერი საპირისპირო შედეგები არის დაუსაბუთებელი, არასაკმარისად დასაბუთებული და არაა გამყარებული ყველაზე სანდო მეთოდებით,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მონიკ ბოტამ.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი, სანდო სამეცნიერო მონაცემები ნათლად მიანიშნებს, რომ აცეტამინოფენის მიღება არ იწვევს აუტიზმს,“ - განაცხადა ტაილენოლის მწარმოებელი კომპანიის Kenvue Inc-ის წარმომადგენელმა.