2026 წლის დასაწყისში თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნება.
რამდენიმემილიონიან პროექტს, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დაიწყო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საკუთარი სახსრებით ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და ამ ეტაპზე კლინიკის ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს.
დაწესებულება ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქუჩა N17 ში მდებარეობს.
კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, 3 ძირითადი სტაციონარული განყოფილებით: მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი, დუალური ნოზოლოგიის განყოფილება და ნარკოლოგიური დეტოქსიკაციის განყოფილება.
-კლინიკას ასევე ექნება 30-საწოლიანი სარეაბილიტაციო განყოფილება.
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში წარმოდგენილი იქნება ამბულატორიული, გახანგრძლივებული ამბულატორიული (დღის ცენტრი), დამხმარე სარეაბილიტაციო (დღის ცენტრში-სტაციონარის შიდა) და ხანმოკლე დაყოვნების სტაციონარული სერვისი, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებისა და დამოკიდებულების მართვის და მკურნალობის ყველა პროფილით.
კლინიკაში დასაქმდება 100-ზე მეტი სპეციალისტი.
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსდება თსსუ-ის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტი. გათვალისწინებულია სასწავლო აუდიტორიები, სალექციო დარბაზი და შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სასწავლო ინფრასტრუქტურა გათვლილია ერთდროულად 150-ზე მეტი სტუდენტისათვის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფაზე.
მიწის ფართი 3383 კვ.მეტრია. შენობის საერთო ფართობი კი 6000 კვ.მ..სარეკრეაციო სივრცისთვის გამოყოფილია 300 კვ.მ. პროექტის მიხედვით, კლინიკას ექნება 20 ავტომობილზე გათლილი პარკინგი.
ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ხათუნა კაკიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გაზრდილია ორმაგი დიაგნოზების მქონე პაციენტების რიცხვიც, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელიც დამოკიდებულია წამალზე, სასმელზე ან სხვა ნივთიერებაზე, იმავდროულად თანდართული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს.
„იმატა როგორც ფსიქიატრიული პაციენტების, ისე დამოკიდებული ადამიანების რიცხვმა. ეს რიცხვი გაზრდილია ახალგაზრდა ასაკშიც და მოზარდებშიც. ნამდვილად საშიშროების წინაშე ვართ,“ - აღნიშნა კაკიაშვილმა.
თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი გამყრელიძის თქმით კი, თანამედროვე მსოფლიოში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისები ბევრად მრავალფეროვანია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც უნდა გამოსწორდეს, მათ შორის - აღნიშნული პროექტის დახმარებით.
„ეს დაწესებულება ნამდვილად შეძლებს, რომ შექმნას ისეთი სამაგალითო სერვისები, რომლებიც პაციენტების მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფს და პლუს, შესაძლოა, გახდეს ერთგვარი კლინიკური ბაზა სისტემაში შემდგომი რეფორმების განხორციელებისთვის. ერთ დაწესებულებაში უნდა მოხდეს იმ სისტემური ცვლილების გატარება, რომელიც ნამდვილად სჭირდება ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის მიმართულებას, რაც ნაწილობრივ დაწყებულია, თუმცა კიდევ ბევრ მუშაობას საჭიროებს მომავალში. ესაა ახალი სიტყვა ფსიქიატრიის კლინიკურ განვითარებაში. მრავალი ათწლეულია, ასეთი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო როგორც ადგილობრივი მოთხოვნები, ისე საერთაშორისო სტანდარტები,“ - განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მენეჯმენტის ინფორმაციით, კლინიკა ყველა შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვება და შესაბამისი ტარიფებით იმოქმედებს.