მაკაოში მსოფლიოში პირველი საკურორტო ჰოსპიტალი გაიხსნა, რომელიც ელიტურ გამაჯანსაღებელ ტურიზმზეა ორიენტირებული. დაწესებულების მიზანია ჯანდაცვისა და გართობის სექტორების გაერთიანება, რის შედეგადაც ქალაქის ეკონომიკა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან უნდა გათავისუფლდეს. 


მაკაო არის ჩინეთის ავტონომიური ერთეული, პორტუგალიის ყოფილი სპეციალური ტერიტორია სამხრეთ-ჩინეთის ზღვის სანაპიროზე. შედგება ნახევარკუნძულისა და რამდენიმე პატარა კუნძულისაგან. ჩინეთს 1999 წლის დეკემბერში დაუბრუნდა. მოსახლეობა 500 ათასამდეა.

დაწესებულებაში მომხმარებელს ისეთ სერვისებს სთავაზობენ, როგორიცაა სამედიცინო შემოწმებები, ვიზუალიზაციის მოწინავე მეთოდები, კოსმეტიკური ოპერაციები. კომპლექსი ჰოლივუდის სტილშია აშენებული და ჰონგკონგურ კომპანია Melco Resorts and Entertainment-ს ეკუთვნის.

კომპანიის გენერალური დირექტორის ლოურენს ჰოს განცხადებით, პროექტის მიზანია მაკაოში გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ჯანდაცვისა და გართობის სერვისების ერთი „სახურავის“ ქვეშ მოქცევა. 

საავადმყოფო შეიქმნა ჰონგკონგის კერძო სამედიცინო ჯგუფთან iRad Hospital-თან პარტნიოტობით, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ კონცეფციისგან ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების მოზიდვას ელოდებიან, რაც ქალაქის შემოსავლებს გაზრდის.

მაკაომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა 2000-იან წლებში დაიწყო, როცა საერთაშორისო ოპერატორებისთვის აზარტული თამაშების ბაზარი გახსნა. თუმცა მალევე დადგა ეკონომიკის დივერსიფიცირების პრობლემების წინაშე. სწორედ ამიტომ, პანდემიის დროს კაზინოების დახურვამ ქალაქის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა.
ამ ეტაპზე მაკაოს შემოსავლების დიდ ნაწილს კვლავ აზარტული თამაშებიდან მიღებული გადასახადები შეადგენს და ხელისუფლება ცდილობს, სხვა დარგების სტიმულირება მოახდინოს, ისეთების, როგორიცაა ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და ღონისძიებების ინდუსტრია.


სხვადასხვა შეფასებით, მსოფლიოში გამაჯანსაღებელი ინდუსტრიის ბრუნვამ ათობით მილიარდი დოლარი შეადგინა და მომდევნო  ათწლეულებში ზრდის მაღალ ტემპებს შეინარჩუნებს.