Eli Lilly-ის წონის კლების პრეპარატების გაყიდვები ბოლო კვარტალში, ახალ ბაზრებზე გასვლის შემდეგ გაორმაგდა. თემას Financial Times-ი აშუქებს.

გამოცემა წერს, რომ 30 სექტემბრით დასრულებული კვარტლის მონაცემებით, წონის დაკლების პრეპარატების, Mounjaro-სა და Zepbound-ის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 109 პროცენტით და 185 პროცენტით გაიზარდა.


კომპანიის განცხადებით, ამ პრეპარატებზე მოთხოვნა აშშ-ს ფარგლებს გარეთ მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის - ისეთ ბაზრებზე, სადაც ისინი აქამდე არ იყო წარმოდგენილი. კომპანია იტყობინება, რომ დიაბეტის სამკურნალო Mounjaro-ს საზღვარგარეთის გაყიდვები სამჯერ გაიზარდა. სიმსუქნის სამკურნალო Zepbound-ი ევროპაში პირველად 2024 წლის აპრილში დამტკიცდა და გასული წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ გაყიდვები არ ჰქონია.

ორივე პრეპარატმა კვარტალში ჯამში 10.1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. Eli Lilly-ის თქმით, წონის დაკლების წამლებზე გლობალურად გაზრდილმა მოთხოვნამ დაბალი ფასები კომპენსაცია მოახდინა.
წონის კლების წამლების მნიშვნელობა ფარმაცევტული სექტორისთვის კიდევ უფრო გამოკვეთა Pfizer-სა და Novo Nordisk-ს შორის გაჩაღებულმა ბრძოლამ მცირე ბიოტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომელიც სიმსუქნის საწინააღმდეგო წამალს აწარმოებს.

კერძოდ, Novo-მ Metsera-ს შესაძენად 9 მილიარდი დოლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სექტემბერში Pfizer-ი იგივე კომპანიის 7.3 მილიარდ დოლარად შეძენას დათანხმდა. 


Pfizer-მა, რომელსაც წონის დაკლების წამალი არ აქვს, Novo-ს შეთავაზება „ანტიმონოპოლიური კანონების გვერდის ავლის“ მცდელობად შეაფასა და სამართლებრივი ზომებით დაემუქრა.

რაც შეეხება აქციებს, ხუთშაბათს Lilly-ის აქციები 3.8 პროცენტით გაიზარდა. Novo-ს აქციები 3.6 პროცენტით დაეცა, ხოლო Pfizer-ის აქციები უცვლელი დარჩა.


ოთხშაბათს, Lilly-მ განაცხადა, რომ Zepbound-ი პირდაპირ Walmart-ის აფთიაქებში გაიყიდება 349-დან 499 დოლარამდე ფასად თვიურ დოზაში. მომავალ წელს, Lilly-ს წონის დაკლების აბების გაყიდვა აქვს დაგეგმილი. მომდევნო თვეებში კი კომპანია გეგმავს, მარეგულირებლებს პრეპარატი Orforglipron-ი წარუდგინოს.