Google-ის მიერ Fitbit-ის შეძენის შემდეგ ამ უკანასკნელს ბევრი ახალი ტარებადი მოწყობილობა არ გამოუშვია. მისი ბოლო მნიშვნელოვანი გამოშვება 2022 წლის სექტემბრით თარიღდება, როცა ბაზარზე პრემიუმ კლასის სმარტ საათები Fitbit Sense 2 და Versa 2 გამოჩნდა. ამას მოჰყვა Charge 6 და Inspire 3. მას შემდეგ Google მხოლოდ Pixel Watch-ის ხაზის შექმნაზეა ორიენტირებული. თუმცა, გამოცემა androidpolice.com-ის ინფორმაციით, კომპანიას Fitbit-ს ტარებადი მოწყობილობების წარმოება არ დაუმთავრებია და ახალი აპარატურის გამოშვებას 2026 წელს გეგმავს.

Fitbit ამერიკული კომპანიაა, რომელიც ციფრული ჯანმრთელობისა და ფიტნეს პროდუქტების წარმოებაზეა ორიენტირებული. ის Google-მა 2019 წელს 2.1 მილიარდ დოლარად შეიძინა.

Google-მა დაადასტურა, რომ მომავალ წელს Fitbit-ის ახალ მოწყობილობებს გამოუშვებს. თუმცა გამოშვების სავარაუდო ვადები ან რაიმე წინასწარი ინფორმაცია ახალი პროდუქციის შესახებ არ დაუკონკრეტებია. შესაძლოა, ეს, უბრალოდ, Fitbit-ის არსებული საათების მცირე ან სრული განახლება იყოს.


მიუხედავად ამისა, ეს არის პირველი შემთხვევა წლების შემდეგ, როდესაც Google-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი Fitbit აპარატურა შემუშავების პროცესშია.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ Gemini AI-ზე დაფუძნებული ჯანმრთელობის ფუნქციები ამჟამად Fitbit აპლიკაციაში გაცნობის რეჟიმშია ხელმისაწვდომი, 2026 წელს კი ფართოდ გავრცელდება.

იმის გათვალისწინებით, რომ Pixel Watch 4-ის ფასი 350 დოლარია, კომპანია, სავარაუდოდ, Fitbit-ის ტარებად მოწყობილობების უფრო ბიუჯეტურ ვარიანტებს შემოგვთავაზებს. ეს შეიძლება იყოს ფიტნეს სამაჯურები, როგორიცაა Charge 7 ან ბავშვებისთვის განკუთვნილი Ace-ის მემკვიდრე.

ამ უკანასკნელის მიზანია ბავშვების ფიზიკური აქტივობის მონიტორინგი და მათ შორის აქტიური ცხოვრების წესის დანერგვა.


კერძოდ,  Ace ახორციელებს ნაბიჯების, დისტანციის და კალორიების მონიტორინგს.


ეს მოდელი აძლევს ბავშვებს სტიმულს და მათაც შეუძლია დაისახოს მიზნები, მაგალითად, დღე-ღამეში 10,000 ნაბიჯის გადადგმა.

საათი ასევე მონიტორინგს უწევს ბავშვის ძილს და შეუძლია დააგენერიროს ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად კარგად სძინავთ მოზარდებს.

მშობლებს აქვთ სრული კონტროლი და შეუძლიათ მუდმივად  დააკვირდნენ, თუ რამდენად ხშირად იყენებენ ბავშვები ამ მოწყობილობას.

Charge 7 კი აკონტროლებს ჯანმრთელობის და ფიტნეს ფუნქციებს.

კერძოდ, მისი ფუნქციებია გულისცემის მონიტორინგი, სისხლში ჟანგბადის დონის კონტროლი, ძილის მონიტორინგი (ძილის ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრა), ვარჯიშის მენეჯმენტი და სხვა. 


ალტერნატივის სახით, Google-მა შესაძლოა გამოუშვას მაღალი კლასის Fitbit საათი, რომელიც ძირითადად ფიტნესზე იქნება ორიენტირებული და Pixel Watch 4-თან შედარებით ელემენტების ხანგრძლივობაც მეტი იქნება.