შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანია Novartis-მა განაცხადა, რომ დათანხმდა ამერიკული ბიოტექნოლოგიური ფირმა Avidity Biosciences-ის დაახლოებით 12 მილიარდ დოლარად შეძენას. ეს ნაბიჯი იმ სტრატეგიის ფარგლებში გადაიდგა, რომლითაც კომპანია ცდილობს გააძლიეროს კუნთების იშვიათი დაავადებების სამკურნალო საშუალებების პორტფელი.

გარიგების პირობების თანახმად, Avidity-ის აქციონერები ნაღდი ფულით თითო აქციაზე 72 დოლარს მიიღებენ. აღნიშნული გარიგების შესახებ ინფორმაცია მანამდე Bloomberg News-მა, საკითხთან დაკავშირებულ პირზე დაყრდნობით გაავრცელა.

Reuters-ის ინფორმაციით, „ნოვარტისი“ წელს პროაქტიულად ახორციელებდა გარიგებებს, რათა მოეგვარებინა მისი ბლოკბასტერული პრეპარატების ირგვლივ მოსალოდნელი საპატენტო კრიზისი. ამ პრეპარატებს შორისაა გულის უკმარისობის სამკურნალო „ენტრესტო“, ასთმის სამკურნალოდ განკუთვნილი „ქსოლარი“ და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალო „კოსენტიქსი“.

ახალი შენაძენით, Novartis-ი აფართოებს იმ სფეროებს, სადაც მკურნალობის შეზღუდული შესაძლებლობებია და ამავდროულად აძლიერებს თავის პოზიციებს იშვიათი დაავადებების სფეროში.

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში დაფუძნებული კომპანია Avidity სხვადასხვა კუნთოვანი დარღვევების სამკურნალო საშუალებებზე მუშაობს. მას უკვე გააჩნია პირველი კლასის წამლების რამდენიმე კანდიდატი.

მისი წამყვანი პრეპარატი Del-zota, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის იშვიათი ფორმის მკურნალობისკენაა მიმართული, შექმნის ადრეულ ან საშუალო სტადიაზეა. კომპანია ასევე მუშაობს ორ სხვა პრეპარატზე კუნთების სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ.

Avidity, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 6.7 მილიარდი დოლარია, მუშაობს სამ ექსპერიმენტულ პრეპარატზე, რომლებიც მიმართულია იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დარღვევების მკურნალობაზე. ეს კანდიდატები, რომელთა დამტკიცებაც 2026 წლისთვის არის მოსალოდნელი, იყენებენ სპეციალურ ტექნოლოგიას, რომელიც შექმნილია რნმ-თერაპიის პირდაპირ კუნთოვან ქსოვილში მოქმედებისთვის.

გარიგება Novartis-ს ეხმარება აშშ-ს ბაზარზე უფრო მყარი პოზიციის დამკვიდრებაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესების საფრთხის ფონზე.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი სატარიფო წინადადებების საპასუხოდ, ისეთმა მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, როგორიცაა Johnson & Johnson (JNJ.N), Roche (ROG.S) და Sanofi (SASY.PA), აშშ-ში რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადება დაანონსეს. ამით ისინი გაურკვეველი სავაჭრო პოლიტიკის პირობებში მანევრირებას ცდილობენ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Novartis-ის გეგმა Avidity Biosciences-ის შეძენის შესახებ შეესაბამება 2024 წლის ნოემბერში Kate Therapeutics-ის შეძენას, რომელიც ნეიროკუნთოვანი დაავადებების გენური თერაპიების შემქმნელი კომპანიაა.

ეს გარიგება მოჰყვა თებერვალში Novartis-ის მიერ Anthos Therapeutics-ის 3.1 მილიარდ დოლარად შეძენას. გარიგების მიზანი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მედიკამენტის ასორტიმენტის გაფართოებაა. აპრილში კი კომპანიამ Regulus Therapeutics-თან 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებას მიაღწია, ამ შემთხვევაში მიზანი თირკმლის დაავადებების თერაპიის გაუმჯობესებაა.

ივლისში Novartis-მა ასევე დაამყარა პარტნიორობა Matchpoint Therapeutics-თან (შეთანხმების ღირებულება 1 მილიარდ  დოლარამდე იყო) ანთებითი დაავადებების პერორალური მედიკამენტების შესამუშავებლად.