საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, სასტუმროში “პარაგრაფი თბილისი” სადაზღვევო სექტორში ეთიკის ზოგადი პრინციპების და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო დოკუმენტზე იმუშავეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ და სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების სამმართველოს წარმომადგენელმა კესარია აფხაზავამ.
დოკუმენტი მოიცავს ეროვნული პრაქტიკის მაგალითებს, ასევე დეტალურად არის მიმოხილული საერთაშორისო პრაქტიკა, ევროკავშირის რეგულაციები, სადაზღვევო ეთიკის სტანდარტები, ინსტიტუტები და კოდექსები ევროპაში. სახელმძღვანელოში ასევე ასახულია დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) ხედვა ეთიკასა და კორპორაციულ კულტურაზე.
ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. დავით ონოფრიშვილმა დოკუმენტის შემუშავების მიზანზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სადაზღვევო ბაზრის მონაწილეები ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდნენ მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტებით, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებლის ინტერესები.
უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, სადაზღვევო სექტორის მომხმარებლის უფლებების უკეთ დაცვის და სამართლიანი, გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი ბაზრის არსებობის მიზნით, სამსახურმა შეისწავლა და გამოიკვლია არსებული (ეროვნული) ფინანსური სექტორის და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. შედეგად, შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც განვითარებულ ეკონომიკებში არსებულ მოთხოვნებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და რომელშიც, ადგილობრივი საფინანსო სექტორის სპეციფიკა და მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი საკითხებია გათვალისწინებული.
“სადაზღვევო სექტორის მდგრადი განვითარება და მომხმარებელის ინტერესების დაცვა საჭიროებს ეთიკური პრინციპების და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტების მკაფიო ჩარჩოს. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გამჭვირვალე, სამართლიანი და პროფესიონალურ საქმიანობაზე დაფუძნებული ეთიკური გარემო არის ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ნდობაზე დაფუძნებული სადაზღვევო ბაზრის საფუძველი” - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
შემუშავებული დოკუმენტი წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ ეთიკის ზოგად პრინციპებს და პროფესიული ქცევის მინიმალურ სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის საქართველოში სადაზღვევო ეთიკის სისტემური ჩარჩოს ჩამოყალიბებისთვის.





