რეგენერაციული მედიცინა ინვესტიციების კუთხით ძალიან მიმზიდველი დარგია და მას საქართველოშიც აქვს პოტენციალი. ამის შესახებ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში კლინიკა “რეგმედის” ხელმძღვანელმა, პროფესორმა თენგიზ ტყებუჩავამ განაცხადა, რომელიც საქართველოში რეგენერაციული მედიცინის ერთ-ერთი პიონერად ითვლება.  

მისი თქმით, ივესტორებისთვის, რომლებსაც დიდი მოგების მიღება სურთ, ეს ძალიან საინტერესო სფეროა, რადგან, სპეციალისტების შეფასებით, ამ დარგის გლობალური ბაზარი 10 წელიწადში ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ეს კი, ტყებუჩავას თქმით, მედიცინის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებლებია. მისივე განცხადებით, საქართველოს აქვს ისეთი სტრატეგიული მდებარეობა, რომ ამ დარგის განვითარებისა და ინვესტიციების ჩადებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა.

როგორც ის განმარტავს, მე-20 საუკუნეში მედიცინაში იყო მიდგომა „დიაგნოზი და მკურნალობა“, დღეს კი უკვე „პროგნოზი და პრევენციაა“ აქტუალური, რისი წყალობითაც მალე უამრავი დაავადება აღარ იარსებებს. რეგენერაციული მედიცინა კი, მისივე შეფასებით, მომავლის მედიცინაა.

რეგენერაციული მედიცინა არის მედიცინის მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს დაზიანებული ქსოვილების, ორგანოების ან უჯრედების აღდგენას, ჩანაცვლებას ან „გაცოცხლებას“.

მისი მიზანია არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება, არამედ ორგანიზმის თვით აღდგენის უნარის გამოყენება ან გაძლიერება.


ის იყენებს ღეროვან უჯრედებს,  ქსოვილის ინჟინერიას (ლაბორატორიაში ქსოვილის შექმნა), ბიომასალებს, გენურ თერაპიას  (დაზიანებული გენების „შეკეთება“ ან შეცვლა) და სხვა მეთოდებს.
რეგენერაციული მედიცინა იმედისმომცემია ისეთი დაავადებების მკურნალობაში, რომლებიც ადრე ქრონიკულად ან შეუქცევადად ითვლებოდა.