საქართველოს მოსახლეობის თითქმის 93%-ს აქვს არაგადამდები დაავადებებიდან მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორი. ამის შესახებ ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი საქართველოში.“


უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები 2016-2019 წლებს ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგები მათში ასახული არაა.


 „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის რამდენიმე პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩო აქვს, ინიციატივების უმეტესობა, როგორც წესი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რაც ამ კომპლექსური ჯანმრთელობის საკითხებისადმი ფრაგმენტულ მიდგომას იწვევს. ჯანმო-ს მიერ ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ მიმდინარე ინტერვენციების მიმოხილვამ განხორციელების ხარვეზები აჩვენა. ეს ანგარიში ხაზს უსვამს იმ სფეროებს, რომლებიც უნდა გაძლიერდეს სრული დაფარვის მისაღწევად,“ - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არაგადამდები დაავადებები ამცირებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.


კრძოდ, პირდაპირი ხარჯები მოიცავს მთავრობის მიერ ოთხი ძირითადი არაგადამდები დაავადების მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს, ასევე ინვალიდობის შემწეობას. არაპირდაპირი ხარჯები გამოითვალა, როგორც სამუშაოზე არყოფნის, სამუშაოზე არყოფნის და ნაადრევი სიკვდილით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების ხარჯები. შედეგად დადგინდა, რომ არაგადამდები დაავადებების მიმდინარე ეკონომიკური ხარჯი საქართველოს ეკონომიკისთვის წელიწადში 3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 6.16%-ია.

გარდა ამისა, მოსახლეობის 92.4%-ს აქვს მინიმუმ ერთი შესაბამისი ქცევითი რისკ-ფაქტორი, როგორიცაა მოწევა ან ალკოჰოლის მოხმარება. ამრიგად, 45 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს აქვს მაღალი რისკი, განუვითარდეს ოთხი ძირითადი არაგადამდები დაავადებიდან ერთ-ერთი (გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ქრონიკული რესპირატორული დაავადება, კიბო და დიაბეტი).

ანგარიშის თანახმად, საქართველოში არაგადამდები დაავადებები და მათთან დაკავშირებული სიკვდილიანობა სულ უფრო მეტად ასოცირდება მეტაბოლურ რისკებთან (სხეულის მასის ინდექსი, სისხლში ლიპიდების დონე, მაღალი არტერიული წნევა) და ქცევით ფაქტორებთან (თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, ფიზიკური უმოქმედობა და მარილის მაღალი მიღება).


შედეგად, როგორც ჯანმო აღნიშნავს, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ამჟამად მნიშვნელოვნად დაბალია (72.28 წელი), ვიდრე ჯანმო-ს ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელი (78.24 წელი).

(ცნობისთვის: საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 74.9 წელია - Jandacva.ge).

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს არ გააჩნია ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად და არ გააჩნია სპეციალური ეროვნული სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა. თუმცა, საქართველომ მხარი დაუჭირა ალკოჰოლის მავნე მოხმარების შემცირების ევროპულ სამოქმედო გეგმას 2012–2020 წლებში და დაიწყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების აქტივობები ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ალკოჰოლის საწინააღმდეგო კომუნიკაციის დაფინანსებას. 

ამასთან, ნათქვამია ისიც, რომ რომ ალკოჰოლი, განსაკუთრებით ღვინო, ქართული კულტურისა და რელიგიის განუყოფელი ნაწილია და ალკოჰოლის მოხმარების მხრივ საქართველო 200 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება 2020-დან 2016 წლამდე ოდნავ შემცირდა, 10.4 ლიტრიდან 9.8 ლიტრამდე.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებულ ინტერვენციებს კარგი ეფექტი აქვს და 6900 სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ისინი საქართველოს შემთხვევაში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ ბარიერებს წააწყდება.