მიუხედავად იმისა, რომ აგრარული ქვეყანა ვართ, მოსახლეობის 70% ხილისა და ბოსტნეულის რეკომენდებულ დოზებს არ ღებულობს.


ამის შესახებ YouTube არხ „ჯანმრთელობის დღიურებში“ სტუმრობისას მედიცინის დოქტორმა, თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორმა ლელა სტურუამ განაცხადა.


მისი განმარტებით,  რეკომენდებული დღიური დოზებია ხილის და ბოსტნეულის 5 ულუფა, უმჯობესია, ეს პროდუქცია ფერადი (ყვითელი, წითელი, მწვანე) იყოს. 

ამასთან, სპეციალისტის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში მოსახლეობის განათლების და წიგნიერების ძალიან დაბალი დონეა. 


მეორეს მხრივ, ლელა სტურუას აზრით, პრობლემაა მაღალი ფასი.

„ჯანსაღი არჩევანი უნდა იყოს იაფი არჩევანი. ჩვენ განვითარებული ქვეყნების მაგალითები მოგვყავს ხოლმე და ფინეთმა ათწლეულების წინ დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარი. იმ დროიდან დააწესეს მარილის, შაქრის და ტრანსცხიმების შემცირება და ამის მისაღწევად ათასნაირი ღონისძიება გაატარეს. ამიტომაც მათ ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლები აქვთ. მთავარია, მიზნები დასახო. იქ, და არა მხოლოდ ფინეთში, იაფი არჩევანია. ჯანსაღი არჩევანი იაფი არჩევანია და ამას ქვეყანა უზრუნველყოფს. არის მარკირებების სისტემა, რომელსაც თავად კომპანიები აკეთებენ - მაგალითად, გულსისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლო პროდუქტს გულის სტიკერი აქვს. დარწმუნებული ვარ, ამისთვის მათ გარკვეული ფინანსური სარგებელიც აქვთ, რადგან ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებენ და ყიდიან. მთავრობამ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მასწავლოს და შედეგად, უნდა გამიმარტივდეს ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან ბევრი რამ ერთმანეთთანაა დაკავშირებული,“ - აღნიშნა სტურუამ.