Jandacva.ge-ს ინფორმაციით, მუნის შემთხვევები ბოლო კვირების განმავლობაში დედაქალაქის 5 ბაღში დაფიქსირდა. შემთხვევები გამოვლინდა რამდენიმე სკოლაშიც.
არსებული პროტოკოლის შესაბამისად, მაშინვე ჩატარდა დეზინფექცია და სათანადო წესით დასუფთავება. ბაღებში, შემთხვევის დაფიქსირებისთანავე დაიხურა ის ჯგუფები, სადაც დაავადება გამოვლინდა, თუმცა სპეციალისტების მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ამ ჯგუფების  ნაწილი უკვე გახსნილია. 

მუნის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტომ, რომლის განცხადებაშიც ვკითხულობთ:

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სრულად არის დაცული სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები და მოთხოვნები. ყველა საბავშვო ბაღში მუშაობს ამ საკითხზე პასუხისმგებელი პერსონალი. რაც შეეხება სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისა თუ ვირუსების გავრცელების პრევენციას, საბავშვო ბაღებში ტარდება დეზინფექცია, ოთახები და საერთო სარგებლობის სივრცეები ლაგდება სველი წესით, ხდება ჯგუფების განიავება. ინფიცირების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ბავშვები არ დაიშვებიან სააღმზრდელო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმის მიერ გაცემული რეკომენდაციის წარდგენის გარეშე.“

მუნი არის კანის დაავადება, რომელსაც ტკიპა იწვევს. ის შეძვრება კანის ზედა შრეში, დებს კვერცხებს და იწვევს ძლიერ ქავილსა და გამონაყარს.


გადადის კანის პირდაპირი შეხებით — მაგალითად, ოჯახში, ბავშვებს შორის ან სქესობრივი კონტაქტისას.
ტანსაცმლით, თეთრეულით, პირსახოცით — თუ მათ ავადმყოფი იყენებდა,  ტკიპა გარემოში მოკლე ხანს - დაახლოებით 24–48 საათი - ცოცხლობს. 

ძირითადი სიმპტომებია ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით, წვრილი გამონაყარი — წითელი წერტილები ან პატარა ბუშტუკები. 

ხშირად ჩნდება თითებს შორის, მაჯებზე, მუცელზე, იღლიის ქვეშ, სასქესო ორგანოებზე.


რაც შეეხება მკურნალობას,  გამოიყენება სპეციალური მალამოები ან ლოსიონები, რომლებიც კლავენ ტკიპას. მკურნალობის მთავარი ეტაპი 1-3 დღეში სრულდება. 

კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი გალდავამ საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, რომ კლინიკა „კანვენის“ შემთხვევაში მიმართვიანობა არ გაზრდილა, თუმცა, მისი განმარტებით, დაავადების ერთეულ შემთხვევებშიც პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც გალდავამ აღნიშნა, საქმე გვაქვს მარტივად სამართავ სიმპტომებთან, რომლებიც დღე ან დღე-ნახევარში უპრობლემოდ იკურნება.

„წელს, შარშანდელთან შედარებით განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამას ვერც ეპიდემიას და ვერც ქვეყნისთვის რაიმე საშიშს ვერ დავარქმევთ. რამდენიმე დღის წინ გვქონდა საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაციის შეხვედრა და იქ აღნიშნულ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. არავის დაუსვამს საკითხი, რომ ქვეყანაში მუნიანობამ  მოიმატა და შემთხვევები გაიზარდა. მუნით დაავადების შემთხვევები მშობლების შეშფოთებას იწვევს მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა სოციალური ან განსაკუთრებით საშიში დაავადება. ესაა ჩვეულებრივი დაავადება, რომელიც თანამედროვე მედიცინის პირობებში, საერთოდ, ერთდღიანია. სიმპტომები ერთ დღეში, მაქსიმუმ დღე-ნახევარში ლაგდება. მუნს ახასიათებს მკვეთრი ქავილი, განსაკუთრებით საღამოს საათებში, თბილ გარემოში მოხვედრისას, მაგალითად, როცა ბავშვი ლოგინშია. მშობელი ამ ფაქტს აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას და ასეთ დროს მან აუცილებლად უნდა მიმართოს დერმატო-ვენეროლოგს და არა – პედიატრს, ალერგოლოგ-იმუნოლოგს ან სხვა სპეციალიზაციის ექიმს. მუნს აქვს წვრილწერტილოვანი გამონაყარი, რომელიც სპეციფიკურია და არანაირად არ ჰგავს ალერგიულ გამონაყარს,“ – განაცხადა გიორგი გალდავამ.


რაც შეეხება რეკომენდაციებს, მისი თქმით, საკმარისია სტანდარტული ჰიგიენური პირობების დაცვა.
„პირველი რეკომენდაციაა, რომ არ უნდა ავყვეთ პანიკას, რადგან აქ პანიკის და შეშფოთების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მეორე – ჩვეულებრივად დავიცვათ  ჰიგიენის ის წესები, როლებსაც ოჯახის პირობებში ყოველდღიურად ვასრულებთ – ხელების დაბანა, ჰიგიენის ნორმების დაცვა და ა.შ. თუმცა ეს დაავადება შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მას დაემართოს, ვისაც გადამეტებული დამოკიდებულება აქვს საკუთარი პირადი ჰიგიენის მიმართ. მთავარი რეკომენდაცია კი ისაა, რომ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სპეციალისტს,-დერმატო-ვენეროლოგს მივმართოთ,“ – განუცხადა გალდავამ.