ერთ წელიწადში ქვეყანაში ჯანდაცვა 8,9%-ით გაძვირდა. ოქტომბრის მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ფასები 9.3 პროცენტით გაიზარდა, საავადმყოფოების მომსახურება 9.2 პროცენტით გაძვირდა, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.0 პროცენტი) ქვეჯგუფზე კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
წინა თვესთან შედარებით ფასები 0,1%-ითაა გაზრდილი.
ამასთან, დეტალიზებულ მონაცემებში საავადმყოფოების მომსახურების ფასების 26%-იანი ზრდა ფიქსირდება. მათ თანახმად, ოქტომბერში საავადმყოფოს მომსახურება 26%-ით გაძვირდა. კონკრეტულად, აღნიშნულ მომსახურებაში, რომლის ტარიფებსაც კლინიკები თავად აწვდიან საქსტატს, შედის საწოლდღის მომსახურება (მედპერსონალის ხელფასები, მედიკამენტები, სახარჯი მასალები, კვება). ქირურგიული მომსახურების ტარიფები კი არ შეცვლილა.
სწორედ საავადმყოფოს ფასების აღნიშნული მასშტაბით ზრდის გამო ამ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტომ დაიწყო. პირველადი ანგარიში წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.




