საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამედიცინო სერვისების ფასების შესახებ ინფორმაცია 167 კლინიკიდან გამოითხოვა, რომლებსაც ფილიალები აქვთ საქართველოს მასშტაბით.
ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქედელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია კლინიკებზე, რომლებსაც ამბულატორიულთან ერთად სტაციონარული მომსახურებაც აქვთ. ესენია ყველა ის მსხვილი კლინიკა, რომლებიც დღეს ქვეყანაში ოპერირებს.
მონიტორინგი არ ეხება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც მხოლოდ მცირე ამბულატორიული სერვისებით შემოიფარგლებიან.
„გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას ფასების შესახებ 2022 წლის იანვრიდან დღემდე. შესაბამისად, ჩვენ ვნახავთ სრულ სურათს, ამ დროის განმავლობაში თითოეული სამედიცინო სერვისის მიმართულებით როგორ იცვლებოდა ბაზარზე ფასები და უწევდა თუ არა მომხმარებელს კონკრეტული მიმართულებებით გაზრდილი ფასის გადახდა. რიგი მიმართულებებით ფასი შესაძლოა, 100 პროცენტითაც გაიზარდა, რიგი მიმართულებებით კი საერთოდაც არ შეცვლილა. მონიტორინგის ფარგლებში მოვახდენთ იმის იდენტიფიცირებას, თუ სად გაიზარდა ფასი ყველაზე მეტად. შემდგომში უკვე დავიწყებთ ძიებას, რამდენად იყო ფასის ზრდა დანახარჯებზე და საბაზრო ფაქტორებზე დაფუძნებული და ჰქონდა თუ არა გარკვეულწილად ადგილი ფასის ხელოვნურ ზრდას,“ - განუცხადა ქედელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
შეგახსენებთ: 5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა.
სააგენტო ეყრდნობა საქსტატის მონაცემებს, რომელთა თანახმად, 2025 წლის ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავადმყოფოების მომსახურების ფასები 26%-ით გაიზარდა. საუბარია იმ სერვისებზე, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს, რადგან DRG-ს პროგრამა ფასებს არეგულირებს და ამ ნაწილში კლინიკებს ფასების გაზრდა არ შეუძლიათ.