2026 წლის ბოლოსთვის ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობის სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება. 2025 წლის ბოლოსთვის ის 6 რეგიონს დაფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, სადაც ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული გაიმართა.


ტყვია ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა. მისი ფართო მოხმარება, გარემოს მასობრივ დაბინძურებასთან ერთად, დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. იგი იწვევს ისეთი ფართო სპექტრის დარღვევებს, როგორებიცაა: ნევროლოგიური პრობლემები, ანემია, დაღლილობა და კუნთების სისუსტე, დამბლა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება. ტყვია ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზეც, როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.


ცენტრის ინფორმაციით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ეგიდით ტარდება. აღნიშნული კვირეული ამერიკის სენატის მიერ 1999 წელს დაარსდა და ტრადიციულად ოქტომბრის ბოლო კვირას აღინიშნება.

წლევანდელი კამპანიის თემა - „უსაფრთხო დონე არ არსებობს: იმოქმედეთ ახლავე ტყვიის ზემოქმედების შესაჩერებლად“ - გვახსენებს ტყვიის ზემოქმედების რისკებსა და ბავშვთა ჯანმრთელობის დასაცავად მოქმედების აუცილებლობას.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში, ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ლიდერია. ქვეყანაში 2019 წლიდან მოქმედებს ტყვიის ბიომონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, 2023 წლიდან კი გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ამოქმედდა და ეტაპობრივად ინერგება ქვეყნის მასშტაბით ჯანმრთელობაზე ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობის სისტემა. 2025 წელს ზედამხედველობის სისტემა საქართველოს 6 რეგიონს დაფარავს, 2026 წლის ბოლოსთვის კი იგეგმება მისი სრული ამოქმედება ათივე რეგიონში.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა ორი პრეზენტაცია ,,ტყვიის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების შუალედური ანგარიში“ და ,,ტყვიის ექსპოზიციის წყაროების განსაზღვრა ფოთსა და გურიაში“. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, პედიატრები, ტოქსიკოლოგები, ოჯახის ექიმები და დარგის ექსპერტები.