დაბერების საწინააღმდეგო სერვისები სამხრეთ კორეის სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ხდება. 


ჰეშთეგი „KoreaGlowUp“ ბოლო დროს სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა, რადგან უცხოელები კორეაში ვიზიტის შემდეგ „ადრე“ და „შემდეგ“ იმიჯის შთამბეჭდავ ვიდეოებს აქვეყნებენ.

მარტივი ბოტოქსის ინექციებიდან დაწყებული, დამთავრებული ინვაზიური პროცედურებით, როგორიცაა სახის ლიფტინგი - ესაა სერვისები, რომელთა შედეგებსაც აღნიშნული ვიდეოები გამოხატავენ.

28 წლის პეიტონი, რომელიც აშშ-ში კორეელ ქმართან ერთად ცხოვრობს და კორეას ყოველწლიურად სტუმრობს, „KoreaGlowUp“ ჰეშთეგის ლიდერებს შორისაა. მის ინსტაგრამ ვიდეოს, რომელიც კორეაში მოგზაურობის შემდეგ მის უფრო „კაშკაშა“ გარეგნობას უსვამს ხაზს, 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ივნისში, ჰონგდეში პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში, მან პირველად გაიკეთა ბოტოქსი თვალებისა და შუბლის გარშემო, InMode Forma - ესაა არაინვაზიური რადიოსიხშირული მკურნალობა, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენს და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ლაზერული პროცედურა თვალების ქვეშ მუქი წრეების შესამცირებლად გამოიყენება.


„კორეაში კანის მკურნალობა გაცილებით ხელმისაწვდომია აშშ-სთან შედარებით. ასევე შეგიძლიათ ბევრ კლინიკაში ჩაწერის გარეშე მიხვიდეთ, რაც ჩემს სამშობლოში ნაკლებად გავრცელებულია“, - განუცხადა მან გამოცემა The Korea Herald-ს.

მისივე თქმით, გარეგნობისადმი კორეელების ძლიერი ინტერესისა და კანის მოვლის საშუალებებზე მარტივი წვდომის გამო, ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმი უფრო სწრაფი ტემპით განვითარდა.


გასულ წელს კორეას რეკორდული 1.17 მილიონი უცხოელი პაციენტი ეწვია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 2009 წელს აქტიურად დაიწყო საერთაშორისო პაციენტების მოზიდვა.

ყველა სამედიცინო სპეციალობას შორის, დერმატოლოგიას ყველაზე დიდი წილი ჰქონდა 705,000 პაციენტით, რაც საერთო რაოდენობის 56.6 პროცენტს შეადგენს, შემდეგ მოდის პლასტიკური ქირურგია (11.4 პროცენტი), შინაგანი მედიცინა (10 პროცენტი) და სამედიცინო შემოწმების ცენტრები (4.5 პროცენტი).


სახის ლიფტინგის ოპერაცია გულისხმობს ყურის გარშემო ჭრილობების გაკეთებას, კანის აწევას, კანის ხელახლა დამუშავებას უფრო გლუვი და ახალგაზრდული იერსახის შესაქმნელად. 

როდესაც კანი თხელდება და ელასტიურობას კარგავს, პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ კანის გამაძლიერებელ ინექციებს, როგორიცაა Rejuran ან Juvelook. ჩამოშვებული კანის მკურნალობა მოიცავს სხვადასხვა მეთოდს, ლაზერული პროცედურებით დაწყებული სახის ლიფტინგით დამთავრებული. 


ექიმები აღნიშნავენ, რომ კორეაში დაბერების საწინააღმდეგო მკურნალობა და ოპერაციები აქტუალური გახდა იმ ფონზე, როცა სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება და, შესაბამისად, მატულობს მოთხოვნა გაახალგაზრდავების „წინასწარ“ პროცედურებზე.

წარსულში ასეთი მკურნალობა ძირითადად საშუალო და უფროსი ასაკის პაციენტებს იზიდავდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ამით 20-30 წლის ადამიანებიც ინტერესდებიან, რადგან ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე დაბერებამდე დიდი ხნით ადრე ზრუნავენ.