უშვილობის პროგრამის შედეგად აჭარაში 63 ახალშობილი დაიბადა, 12 ქალი კი ბავშვის მოლოდინშია.
ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.
„პროგრამა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ამ პროგრამის დაწყება საკმაო რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მან დააჩქარა ტექნიკური რეგლამენტის შექმნა და მოთხოვნების გამკაცრება, რაც რეპდორუქციულ ცენტრებს მოეთხოვებათ,“ - აღნიშნა ნიჟარაძემ.
მისი თქმით, პროგრამა არაერთ მომსახურებას ფარავს, რაც წყვილს სჭირდება - დიაგნოსტიკური სერვისებით დაწყებული, ინვიტრო განაყოფიერებით დამთავრებული. ამასთან, პრპგრამა არ მოიცავს სუროგაციას და დონაციას.
აღნიშნული სიახლე აჭარაში 2022 წლიდან, პილოტურად მოქმედებს და ის პირველ ეტაპზე ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ეხებოდა. ეტაპობრივად მოხდა პროგრამის გაფართოება და დღეისათვის არსებობს შედარებით გაფართოებული კრიტერიუმები, მათ შორისაა 300 ათასამდე სარეიტინგო ქულა, ბაღებსა და სკოლებში დასაქმებული პირი, წყვილში რომელიმეს მიერ შშმ პირის სტატუსის ქონა.
აჭარაში დაწყებული, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის (,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობის“) პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით არსებული უპრეცედენტო ინიციატივაა.
მის ფარგლებში უშვილო წყვილების მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა შესაძლოა იყოს მოდელი, რომლის მიხედვითაც უშვილო წყვილების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სახელმწიფო მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსებს.
კერძოდ, განიხილება უშვილო წყვილების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება, რომელიც სხვადასხვა სერვისთან ერთად, ინვიტრო განაყოფიერებას ითვალისწინებს. როდის და რა ფორით ამოქმედდება პროგრამა - ჯერჯერობით უცნობია.