ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა საგანგაშოა

ორგანიზაციის მონაცემებით, 100 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 15 მილიონი ბავშვი, ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარს, რაც ნიკოტინზე დამოკიდებულების ახალ ტალღას წარმოშობს.


მსოფლიო მასშტაბით არსებული მონაცემების საფუძველზე, ბავშვები, საშუალოდ, ცხრაჯერ უფრო მეტად ეწევიან ელექტრონულ სიგარეტს, ვიდრე ზრდასრულები.

ჯანმო-ს წარმომადგენელმა ეტიენ კრუგმა განაცხადა, რომ ელექტრონული სიგარეტები ნიკოტინზე დამოკიდებულების „ახალ ტალღას“ აძლიერებს. „ისინი ზიანის შემცირების მიზნით არიან რეკლამირებული, მაგრამ სინამდვილეში ბავშვებს ნიკოტინს უფრო ადრეულ ასაკში აზიარებენ და ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესის ჩაშლის რისკს ქმნიან“.


ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა  ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თამბაქოს ინდუსტრია დაადანაშაულა იმაში, რომ ახალგაზრდებს „აგრესიულად იღებს მიზანში“.


ორგანიზაციის თქმით, მსოფლიოს ქვეყნების მიერ თამბაქოს კონტროლის წყალობით მილიონობით ადამიანი თავს ანებებს ან საერთოდ არ იწყებს თამბაქოს მოხმარებას. ამ ძლიერი პროგრესის საპასუხოდ კი თამბაქოს ინდუსტრია ნიკოტინის ახალ პროდუქტებს უშვებს, რომლებსაც აგრესიულად მიმართავს ახალგაზრდებისკენ. ამიტომ, ჯანმოს შეფასებით, მთავრობებმა უფრო სწრაფად და უფრო ძლიერად უნდა იმოქმედონ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის განხორციელებისას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრმა ქვეყანამ სცადა ელექტრონული სიგარეტის რეგულაციების შემოღება ბავშვებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად, 2024 წლის ბოლოსთვის 62 ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დადგენილი პოლიტიკა, ხოლო 74 ქვეყანას არ ჰქონდა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი, რომლის შემდეგაც ელექტრონული სიგარეტის შეძენა იყო შესაძლებელი - აცხადებს ჯანმო.


ამასთან, თამბაქოს მოხმარება მცირდება - მწეველთა რიცხვი მსოფლიოში 2000 წლის 1.38 მილიარდიდან 2024 წელს 1.2 მილიარდამდე შემცირდა.

თამბაქოს მოხმარების გავრცელება ქალებში ყველაზე მეტად შემცირდა - 2010 წელს 11%-დან 2024 წელს 6.6%-მდე.
მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 2010 წელს 41.4%-დან 2024 წელს 32.5%-მდეა შემცირებული.
თუმცა, მსოფლიოში ყოველი მეხუთე ზრდასრული კვლავ თამბაქოს მოიხმარს. ეს კი დაკავშირებულია მრავალ დაავადებასთან, მათ შორის კიბოსთან.

ექსპერტების თქმით, ელექტრონული სიგარეტი გაცილებით ნაკლებად მავნებელია, ვიდრე სიგარეტი და დაგეხმარებათ მოწევისთვის თავის დანებებაში, თუმცა ის არამწეველებისთვის რეკომენდებული არ არის.
ელექტრონული სიგარეტი არ წვავს თამბაქოს და არ წარმოქმნის კუპრის ან ნახშირბადის მონოქსიდს, რაც თამბაქოს კვამლში არსებულ ორ ყველაზე მავნე ელემენტს წარმოადგენს. თუმცა ისინი შეიცავს ნიკოტინს, რამაც შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს.