რა შეიცვლება უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების შემდეგ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, სადას სტუდენტების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა? ეს შეკითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გუშინ, პრემიერი,
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენისას, უცხოელი სტუდენტების საკითხს შეეხო.
კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მოზიდვას ჭარბი ყურადღება ეთმობა.
„ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჭარბი ყურადღება ეთმობა უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, რაც ამცირებს საუნივერსიტეტო რესურსს, რომელიც შესაბამისი მიმართულებით ქართველი სტუდენტების მოსამზადებლად უნდა იყოს განკუთვნილი. სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს შორის ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობის განაწილებისას, სათანადოდ არ არის დაცული პრინციპი, რომლის მიხედვით ბიზნესი არსებითად კერძო სექტორმა უნდა აკეთოს, ხოლო სახელმწიფო ამოცანების შესრულება არსებითად სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა უზრუნველყონ,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
რადგან რეფორმის გეგმები ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზეა, არ არის ცნობილი, რამდენად შეიზღუდება თუ სრულად გაუქმდება უცხოელი სტუდენტების კვოტები, თუმცა ფაქტია, რომ ამ კუთხით ცვლილება ყველაზე მეტად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეეხება. თუმცა მნიშვნელოვანია, ამასთან ერთად, როგორ გადაწყდება დაფინანსების საკითხი, რადგან უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი გადასახადი ამ უნივერსიტეტისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
დაფინანსებასთან დაკავშირებით კი პრემიერმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ამ კუთხითაც იგეგმება. კერძოდ, კონცეფციაში ნათქვამია:
„სრულად უნდა გადაისინჯოს უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა. უნდა გაუქმდეს დაფინანსების არსებული, საგრანტო წესი და ის სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებულმა მოდელმა უნდა ჩაანაცვლოს. აღნიშნული მოდელის ფარგლებში, განისაზღვრება სახელმწიფო დაკვეთა თითოეული უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე. ამასთან, სახსრების განაწილებისას, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული თითოეულ სპეციალობაზე სტუდენტისთვის განათლების მიწოდების საშუალო ხარჯი“.
ცნობისთვის: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები თითქმის 25 წელია არსებობს, ამ პროგრამაზე სწავლის მსურველთა რაოდენობა კი ისეთივე მაღალია, როგორიც ქართულზე. დაწესებულება თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებელთან მსოფლიოს მასშტაბით, და დაახლოებით 80 სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს სტუდენტებს, განსაკუთრებით ბევრი სტუდენტია ინდოეთიდან - დაახლოებით 45%.
2009-დან 2023 წლამდე პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 200-დან 3500-მდე გაიზარდა.
უცხოელი სტუდენტების მოზიდვა უნივერსიტეტმა 1996 წლიდან დაიწყო, რისთვისაც სასწავლებლის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი აზიის ქვეყნებში არაერთი ვიზიტი ჰქონდათ.
2022 წელს უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი ზურაბ ვადაჭკორია ამბობდა, რომ სახელმწიფო გრანტი - 2250 ლარი წელიწადში - მედიკოსის მოსამზადებლად არასაკმარისია, რადგან რეალურად, სტუდენტის მომზადება 9000-ზე ბევრად ძვირიც კი ჯდება.
„იცით რას ვაკეთებთ? უცხოელი სტუდენტებისგან ვიღებთ თანხას და ვაბალანსებთ. ჩვენთან ახალგაზრდები 81 ქვეყნიდან სწავლობენ. ყოველი მესამე სტუდენტი უცხოელია და ჩვენმა სტუდენტებმა შესანიშნავად იციან, რომ მათი მეშვეობით ვაკეთებთ დოტაციას, რაც სწორი არ არის,“ - აცხადებდა ვადაჭკორია სამი წლის წინ.
რა ფორმით განხორციელდება რეფორმა, ჯერჯერობით უცნობია, კონცეფციის დამტკიცებამდე მასზე საჯარო დისკუსია დაიწყება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რეფორმის დეტალები.