საქართველოში რეპროდუქციული და ესთეტიკური მომსახურების მიღების მსურველი საერთაშორისო პაციენტების ნაკადი გაიზრდება. ამის შესახებ ნათქვამია შპს „ვივო მედიქალ გრუპისა“ და მისი შვილობილი საწარმოების მმართველობის ანგარიშგებაში, რომელიც  2024 წლის 31 დეკემბრისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.


„ჯგუფი ზრუნავს სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე. ჩვენი აზრით, საქართველოში რეპროდუქციული და ესთეტიკური მედიცინის განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა არსებობს. ბოლო წლებში ჩვენ გავხდით რეპროდუქციული მედიცინის მთავარი მომწოდებელი ჩვენს ორ წამყვან კლინიკაში - „ინოვა ინვიტრო“ და „ჟორდანიას კლინიკა“. ვინაიდან ჩვენ შევქმენით მჭიდრო ქსელი და დავამყარეთ ურთიერთობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენი შეფასებით, ამ მომსახურების მიღების მსურველი საერთაშორისო პაციენტების ნაკადი გაიზრდება. 2025 წელს კომპანია აპირებს რამდენიმე პროექტის დანერგვას, მათ შორის:  ინვესტირებას თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობაში უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების მიზნით და  მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების დასაქმების გაგრძელებას,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

კომპანია ფლობს შემდეგ შვილობილ საწარმოებს: „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“, „მედიმპორტი“, „ჟორდანიას კლინიკა“, „ინოვა“, „ჰელიოსი“, „ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა“, „ინოვა ინვიტრო“ და სხვა. ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების გაწევა.