ბოლო წლებში საქართველოში ჯანდაცვის სერვისები ძვირდება. შესაბამისად, იზრდება კერძო დაზღვევის პაკეტების ფასებიც, რაც მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზია. 

საავადმყოფოების ფასების ზრდით, რომელმაც, საქსტატის სექტემბრის მონაცემებით, წლიურ ჭრილში 27% შეადგინა, კონკურენციის სააგენტოც დაინტერესდა. უწყება იკვლევს, საბაზრო ფაქტორების გარდა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფასების ხელოვნურ ზრდას, რამაც პაციენტები დააზარალა. 


მონიტორინგის შუალედური შედეგები წლის ბოლოს გამოქვეყნდება. იმის მიუხედავად, გამოიკვეთება თუ არა ფასების ხელოვნურად გაზრდის ფაქტები, ჯანდაცვის სექტორში სერვისებისა და პროდუქციის გაძვირება გარდაუვალია და ამას საბაზრო ახსნა აქვს - ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში დარგის სპეციალისტები საუბრობენ.

ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაია მახარაშვილის თქმით, მსოფლიოში, ნებისმიერი ტიპის ქვეყანაში, ჯანდაცვის დანახარჯების ტენდენცია მზარდია და არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს ფასები შეიძლება მცირდებოდეს. 

„ეს არაა ცალკე მდგომი სერვისი და რა ეკონომიკური მდგომარეობაცაა ქვეყანაში, ჯანდაცვის დანახარჯების რეაგირებაც ისეთივეა,“ - აცხადებს მახარაშვილი.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის თენგიზ ვერულავას განცხადებითაც, ჯანდაცვის ხარჯების ზრდა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა.


 „მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად შეინიშნება ხარჯების მატების მზარდი ტემპები. ეს რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. უმთავრესია ინფლაცია, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სხვა პროდუქტებსა და სერვისებზე გაიზარდა ფასები და შესაბამისად, ჯანდაცვის სერვისებზეც უნდა გაზრდილიყო. მეორე მთავარი პრობლემა გახლავთ თავად ჯანდაცვის ინდუსტრიის ტექნოლოგიების დანერგვა. ყოლველწლიურად შემოდის ახალი ტექნოლოგიები, სერვისები, მედიკამენტები, რაც, ცხადია, ძვირადღირებულია. ამას კი ან სახელმწიფო ან თავად მოსახლეობა იხდის,“ - აღნიშნა ვერულავამ.

საქსტატის სექტემბრის მონაცემებით, ერთ წელიწადში საავადმყოფოების მომსახურება დაახლოებით 27%-თაა გაძვირებული. თვიურ ჭრილში ამ მიმართულებით ფასების 0,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება სხვა სერვისებს, თერაპევტის კონსულტაცია წლიურ ჭრილში 13%-ით გაძვირდა, ექოსკანირება 7%-თაა გაძვირებული, კბილის ამოღება ასევე 7%-ით, დაბჟენა კი 2%-ით.