ამის შესახებ „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობას ასახავს და რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
ცნობისთვის: დაწერილი პრემიების მოცულობა სადაზღვევო ბაზრის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია და აღნიშნავს იმას, თუ რა რაოდენობის სადაზღვევო პრემიები მოდის ერთ ადამიანზე.
ეს არის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მიიღება მთლიანი დაწერილი პრემიების ჯამის გაყოფით მთელ მოსახლეობაზე, მათ შორის შედიან ისინიც, ვინც საერთოდ არ იხდიან თანხას დაზღვევაში.
დოკუმენტში მოყვანილია მაგალითები, თუ რამდენია ეს მაჩვენებელი განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ესაა 4760 დოლარი, საფრანგეთში - 3900, შვეიცარიაში კი 6800 დოლარი.
ასევე დაბალია სადაზღვევო ბაზრის პენეტრაციის კოეფიციენტი, რომელიც აჩვენებს, რამდენად დიდია სადაზღვევო სექტორის წილი მთლიან ეკონომიკაში.
საქართველოში ეს წილი 1,3%-ს შეადგენს. შედარებისთვის: გაერთიანებულ სამეფოში ესაა 9,7%, შვეიცარიაში 7%-მდე, საფრანგეთში 8,7%, თურქეთში 1,7, რუსეთში კი 1,1 %.
„საქართველოს სადაზღვევო ბაზარი, დაბალი ათვისების გამო, განვითარების დიდ შესაძლებლობას იძლევა,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო ინდუსტრია, წლებია, ითხოვს მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას, რაც, მათი თქმით გაზრდის ბაზარს, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დაზღვევის მთელი სექტორის განვითარებისთვის.
ამ ეტაპზე საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 20 % სარგებლობს. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული.