ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, რაც ქვეყნის მოსახლეობას შეღავათს მოუტანს. ამის შესახებ სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის წევრმა, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ფასების რეგულირების გამოცდილება ქვეყანას აქვს ენერგეტიკის სექტორში მარეგულირებელი კომისიის სახით და ასევე მედიკამენტების ბაზარზე.
„ყველას კარგად ესმის, რომ სერიოზული სამუშაო იქნება, განსახორციელებელი იქნება სწორი ანალიტიკა და ძალიან კარგად შესაჯერებელი ყველა ის მნიშვნელოვანი ინტერესი, რომელიც განმსაზღვრელია სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ყველა გარემოება კარგად უნდა შეფასდეს, შეჯერდეს და ამის მიხედვით იქნას მიღებული გადაწყვეტილებები. ერთის მხრივ, გასაგებია, რომ ბიზნესს აქვს რაც შეიძლება მეტი მოგების მიღების ინტერესი, მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს გარკვეული მოვალეობები, რომლებსაც თავად ბიზნესიც გაგებით უნდა მოეკიდოს. ეს გულისხმობს იმას, რომ ის, რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით უფრო ლმობიერი უნდა იყოს ბიზნესის დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ. ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს ბიზნესსაც. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მოსახლეობის ინტერესის დაცვას იმისთვის, რომ კონკურენცია უზრუნველყოფდეს მაქსიმალურად ეფექტიან პირობებს მოსახლეობისთვის, შევეცდებით სწორი გადაწყვეტილებით, რათა სწორი მმართველობის ფორმა მიეცეს. სხვადასხვა დროს მსგავსი რამ სხვადასხვა სექტორში შეიმჩნეოდა დაწყებული ენერგეტიკით დამთავრებული მედიკამენტების ბაზარზე ფასწარმოქმნით. რეფერენტული ფასების პოლიტიკამ გარკვეული სტაბილურობა შესძინა მედიკამენტების ბაზარს, ის კვლავაც მომგებიანია ბიზნესისთვის, თუმცა ნაკლები ტვირთის მატარებელია მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, რომ ასეთი დაბალანსებული, რაციონალური, სამართლიანი მიდგომები და გადაწყვეტა იქნება ერთმნიშვნელოვნად სწორი მიდგომა. იგივე ხდება ენერგეტიკაში, სადაც ფასები რეგულირდება მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით. სხვადასხვა სექტორში ეს წარმატებით განხორციელდა და ვფიქრობ, გამონაკლისი არ იქნება სამომხმარებლო პროდუქტების სივრცეც, სადაც ასევე შეიძლება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, მსგავსი გადაწყვეტილებები სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით იქნეს მიღებული და მეორეს მხრივ, ამან ქვეყნის მოსახლეობას გარკვეული შეღავათი მოუტანოს,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ: 2025 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია. ამის მიზეზი კი, ირაკლი კობახიძის თქმით, სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატია, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. მისივე თქმით, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ამ განცხადებიდან მალევე, პრემიერ-მინისტრმა სურსათის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისია შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. კომისიაში სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები შედიან. ჯანდაცვის მინისტრის გარდა, კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი და სხვები.





