ამერიკაში, ტეხასის შტატის ქალაქ ლუბოკში სკოლის ასაკის არავაქცინირებული ბავშვი წითელას გართულებებით გარდაიცვალა. ABCNEWS-ის ინფორმაციით, ესაა შტატის დასავლეთ ნაწილში წითელას აფეთქების შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა. წითელათი აქ 100-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათგან 18-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.  დაავადების თითქმის ყველა შემთხვევა მოდის არავაქცინირებულ ან ისეთ პაციენტებზე, რომელთა ვაქცინაციის სტატუსიც უცნობია.

რაც შეეხება გარდაცვლილ ბავშვს, ტეხასის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბავშვი გასულ კვირაში იქნა ჰოსპიტალიზებული. 


უწყების ცნობით, ინფიცირებულთა უმრავლესობა 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, რაოდენობით მათ მოსდევენ 4 წლისა და უმცროსი ასაკის ბავშვები.

„ეს სიკვდილი ხაზს უსვამს წითელას რეალურ საშიშროებას. ესაა მძიმე დაავადება, რომელსაც შეუძლია ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის საშუალებით მისი თავიდან არიდება შესაძლებელია. თითოეული ახალი შემთხვევა არის იმის შეხსენება, რატომ აქვს ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ასეთი მასშტაბის აფეთქების პირობებში გარდაცვალების ფაქტი, განსაკუთრებით აუცრელებში, მოულოდნელობა არ ყოფილა. იმის გათვალისწინებით, რამდენად გადამდებია წითელა, უახლოეს კვირებში შემთხვევების ზრდას ველოდებით,“ - განაცხადა ექიმმა ჯონ ბრაუნშტეინმა. 

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ კენედი-უმცროსმა, წითელას აფეთქების თემაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ისინი ტეხასში არსებულ ვითარებას აკვირდებიან. 


ამასთან, როგორც ABCNEWS-ი აღნიშნავს, კენედიმ აფეთქების მნიშვნელობა სათანადოდ არ შეაფასა და განაცხადა: „ამაში განსაკუთრებული არაფერია. წითელას აფეთქებები ყოველ წელს გვაქვს.“ მისივე თქმით, ბავშვები კარანტინის გამო იქნენ ჰოსპიტალიზებულები, რაზეც პედიატრმა ლორა ჯონსონმა უპასუხა, რომ ბავშვებს კარანტინის გამო კლინიკაში არავინ აწვენს.

წითელა ძალიან გადამდები ინფექციაა. როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, ერთ ინფიცირებულ პაციენტს შეუძლია 10-დან 9 ადამიანი დააინფიციროს. სპეციალისტები არავაქცინირებულ ადამიანებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. 


ამერიკაში არსებულ ვითარებას ქართველი სპეციალისტები ეხმაურებიან. ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს:

“2015 წლის შემდეგ ეს წითელას პირველი მსხვერპლია აშშ-ში. ბავშვი წინა კვირაში იყო ჰოსპიტალიზებული, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


შეერთებულმა შტატებმა წითელა დამარცხებულად გამოაცხადა 2000 წელს. თუმცა, ვაქცინირების პროგრამებით მოსახლეობის მოცვის შემცირების გამო წითელას შემთხვევებმა იმატა. კოვიდპანდემიის ფონზე ანტივაქსერული განწყობებმა, სამწუხაროდ, ისეთი სავალდებულო ვაქცინირების მოცულობაც კი შეამცირა, როგორიც წითელაა. მცირე აფეთქებები დაფიქსირდა 2019 და 2024 წელს. ახლა ტეხასში 124 შემთხვევა, ხოლო ნიუ-მექსიკოში 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა უმრავლესობა არავაქცინირებული პირებია.”


ინფექციონისტი ალექანდრე გოგინავა კი აღნიშნავს: „წითელას ვაქცინაციის კუთხით ჩვენთანაც არასახარბიელო მდგომარეობაა, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემთხვევების მატებაც მიუთითებს.“