კომპანია NRS Healthcare, რომელიც საავადმყოფოდან გაწერისა და ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ პროდუქციას უშვებს, გაკოტრების პირასაა.
BBC-ის ცნობით, კომპანია, რომელიც ინგლისისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 40-მდე მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობს, კვირის ბოლოს ფულის გარეშე დარჩება. მთავრობამ განაცხადა, რომ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან „ნებისმიერი პოტენციური შეფერხების“ მინიმიზაციისა და ალტერნატიული მომწოდებლების მოსაძებნად.
ივლისის დასაწყისში მთავრობისთვის გაგზავნილ და BBC-ის მიერ მოპოვებულ წერილში, მუნიციპალიტეტები აცხადებდნენ, რომ კომპანიის გაკოტრების გამო, არსებობს „დამანგრეველი შედეგებისა“ და სასიცოცხლო რისკები, ამიტომ ახალი ზომების მიღებამდე NRS-ისთვის მოკლევადიანი სესხის მიცემას ითხოვდნენ. სავარაუდოდ, კომპანიისთვის სესხი არ შეუთავაზებიათ, მუნიციპალიტეტების უმეტესობამ კი მომსახურების გასაგრძელებლად გარკვეული გეგმები მოამზადა. NRS, რომელშიც 1500-მდე ადამიანია დასაქმებული, ფართო სპექტრის პროდუქციით მთელ ინგლისს ამარაგებს. საუბარია შშმ პირების ეტლებზე, ამწევ ხელსაწყოებზე, საავადმყოფოს საწოლებზე, ვარდნის მონიტორინგის სისტემაზე და სხვა პროდუქციაზე. ის ასევე არის სამედიცინო აპარატურისა და პროდუქციის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების მიმწოდებელი.
4 ივლისს ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტებმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი წერილობით გააფრთხილეს, რომ მოსალოდნელია კომპანიის გაკოტრება. ეს კი, მათივე შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ შეძლებს შეასრულოს თავისი კანონიერი ვალდებულებები და უზრუნველყოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საზოგადოებისთვის.წერილის მიხედვითვე, ფირმის გაკოტრება გამოიწვევს იმას, რომ საავადმყოფოებიდან პაციენტების უსაფრთხო გაწერა შეუძლებელი იქნება.
მათი განცხადებით, ინგლისის მოსახლეობისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებაზე დადებული კონტრაქტების 40% სწორედ NRS-ზე მოდის. შეკვეთების უმეტესობა კი სასწრაფოა და მათი პაციენტებისთვის მიწოდება იმავე ან მომდევნო დღესაა აუცილებელი. რაც შეეხება გაკოტრების მიზეზებს, კომპანიის განცხადებით, გასულ წელს ის კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა, გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე კონტრაქტის მიმართულებით მან ზარალი მიიღო. ამ პრობლემებს დაემატა ინფლაციის შედეგები და გაზრდილი ხარჯები.