ბიზნესი თავად ხედავს შესაძლებლობას, პროცესები სწორი მიმართულებით განვითარდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მედიკამენტების ფასების საკითხზე „ფასების კომისიისა“ და ფარმაცევტული სექტორის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა გასულ ოთხშაბათს შედგა.

„ბიზნესი, ერთის მხრივ, მოტივირებულია და, მეორეს მხრივ, თავად ხედავს შესაძლებლობას, რომ პროცესები სწორი მიმართულებით განვითარდეს. ეს კი დამაიმედებელია. ფარმაცევტიკას აქვს ერთგვარი სპეციფიკა. აქ არ არის ასე, რომ ერთი რომელიმე კომპონენტის გადაჭრა იწვევდეს ფასების კლებას. დაწყებული მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრობლემიდან, ფასების არქიტექტურის გაანალიზების საჭიროებით დამთავრებული - ყველა ეს საკითხი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ამიტომ ყველა ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება, წარმოების მხარდაჭერით დაწყებული ქსელის სიმჭიდროვით  დამთავრებული, ყველა ეს საკითხი მხედველობაში იქნება მიღებული. შესაბამისად, ალბათ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, მათ შორის აპრილის შემდგომ, ძალიან აქტიური მუშაობის წამოწყება, რომ ყველა მიმართულებით ერთდროულად ვაჩვენოთ პროგრესი,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ფარმაცევტულ სექტორში ფასების კლების მიმართულებით უკვე არის გადადგმული ნაბიჯები რეფერენტული ფასების დაწესების სახით.

მისივე განცხადებით, არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელთა მეშვეობითაც მედიკამენტების საკმაოდ დიდ ნაწილზე ფასები არის რეგულირებული. ერთ-ერთ მიმართულებად, სარჯველაძის განმარტებით, განიხილება იგივე მექანიზმის ანუ რეფერენტული მექანიზმის გაფართოება.

მინისტრის თქმით, ფარმაცევტიკაში, სხვა სახის პროდუქტებთან შედარებით, ფასების კუთხით განსხვავებული მიდგომა უნდა არსებობდეს, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამიტომ, სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს უფლება, ამ საკითხს პროტექციონისტულად მიუდგეს. ამასთან, მისივე განმარტებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ სამართლიან ფასებს არ გულისხმობს და მოიცავს ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ აღარ არსებობდეს მედიკამენტების ჭარბად გამოყენების პრაქტიკა.