2026 წელს ჯანდაცვის რამდენიმე სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება იზრდება. ამის შესახებ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია (პირველი წარდგენა) აღნიშნული.

მაგალითად, 2025 წლის 50 მილიონიდან, მომდევნო წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულების დაფინანსება 5 მილიონი ლარით, 55 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. 

პროექტის თანახმად, ორგანოთა ტრანსპლანტაცია 12 მილიონი ლარით დაფინანსდება (მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 8,5 მილიონი ლარია),  8, 5 მილიონ ლარამდე იზრდება ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა (წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 7,1 მილიონი ლარია).


იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის დაგეგმილი დაფინანსება 65 მილიონი ლარია, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე 10 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.


სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სერვისების დაფინანსების ზრდა წლევანდელი  240,9 მილიონიდან 261,4 მილიონამდეა გათვალისწინებული.

ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე მომდევნო წელს 80 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

პროექტის თანახმად, 2026 წელს ჯანმრთელობის დაცვაზე  2 მილიარდ 186 მილიონი ლარია გათვალისწინებული.