2024 წელს, ბოლო 5 თვეში სადაზღვევო სექტორი წინა წელთან შედარებით 20% -ით გაიზარდა. ამის შესახებ პარლამენტში, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.

პარლამენტის ინფორმაციით, საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სექტორის 2023 წლის ანგარიში და 2024 წლის 5 თვის შედეგები გააცნო.


შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივი წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე; ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, რომელიც ამავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა, დარგი სწრაფი ტემპით ვითარდება, 2024 წელს ბოლო 5 თვეში სადაზღვევო სექტორი წინა წელთან შედარებით 20% -ით გაიზარდა.
„ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრი ახალი პროდუქტი დაინერგა, მათ შორის, სამოგზაურო დაზღვევის ლიმიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სწრაფად ვითარდება ონლაინ მომსახურეობა, ასევე, სადაზღვევო კომპანიები გადავიდნენ დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე და ა.შ . დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. გამოითქვა მოსაზრებები რა შეიძლება გაკეთდეს სადაზღვევო სექტორის კიდევ უფრო განვითარებისთვის,“ - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.