კერძო სადაზღვევო კომპანიებს რეაბილიტაციის სერვისები გამონაკლისებში აქვთ. აუცილებელია, მომხმარებლების მხრიდან გაჟღერდეს შესაბამისი მოთხოვნა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანი, რათა პოლისის პრემიაზე გარკვეული თანხის დამატებით შეეძლოთ ისეთი პაკეტების შეძენა, რომლებიც რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების შემთხვევაში.
ასეთი იდეით გამოდის პედიატრებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილი, რომლებიც განმარტავენ, რომ გამოჯანმრთელება მხოლოდ მწვავე დაავადებების მედიკამენტოზურ თუ ქირურგიულ მკურნალობას არ ნიშნავს და იგი ადამიანის სრულად, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას მოიცავს. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, პაციენტის უფლების დარღვევაა, როცა მას რეაბილიტაციის კურსის გავლის შესაძლებლობა არ აქვს.
რეაბილიტაციის სფეროს სპეციალისტის, ეკატერინე ჯაფარიძის განმარტებით, ქვეყანაში მოქმედებს ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო ქვეპროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებულია. ის განკუთვნილია იმ მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ ცერებრული დამბლა, აუტიზმი, ქცევითი დარღვევები და სხვა პრობლემები, რასაც მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა ესაჭიროება.
კერძოდ, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ბავშვთა ნევროლოგი, რეაბილიტაციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, ასეცე ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპიის და სხვა სპეციალისტები. ეს გუნდი ერთობლივად აფასებს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მასთან მუშაობს მიდგომებს.
ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელთა დახვეწაც აუცილებელია.
მისი თქმით, ეს პროცესი, სარეაბილიტაციო ცენტრებისა და ოჯახების ჩართულობით მიმდინარეობს.
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მათი დიდი სურვილია, არა მხოლოდ შშმ, არამედ ტიპიური განვითარების ბავშვებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ რეაბილიტაციის პროგრამებით.
კერძოდ, რეაბილიტაცია ბავშვისთვის აუცილებელია, მაგალითად, ტრავმის მიღების ან თუნდაც ინფეციური დაავადების გადატანის შემდეგ.
ამ კუთხით კი, სპეციალისტთა ნაწილის მოსაზრებით, საჭიროა კერძო კომპანიების მხრიდანაც არსებობდეს შეთავაზებები, რადგან რეაბილიტაცია საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირადღირებული პროცესია, რომლის ღირებულება არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი, არამედ საშუალო და მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვისაც კი ხშირად მძიმე ფინანსური ტვირთია.
პედიატრი ეკა ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „პულსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები პედიატრიულ პაციენტებს, მწვავე დაავადებების მკურნალობის პროცესში, მხარში უდგანან, თუმცა რეაბილიტაცია გამონაკლისებშია და პრაქტიკულად არ ფინანსდება.
„კერძო სადაზღვევო კომპანიები მწვავე დაავადებებს აფინანსებენ, მაგრამ თითქმის არ ფინანსდება სარეაბლიტაციო პროგრამები. ამ პრობლემას ხშირად შევხვედრილვარ,“ - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, როგორც სხვადასხვა სერვისი არსებობს, ასევე უნდა შეიქმნას დამატებითი შეთავაზებები, რომლებშიც გაწერილი იქნება სარეაბილიტაციო მომსახურება, თუნდაც ნაწილობრივი დაფინანსებით. მთავარია მშობელს ჰქონდეს არჩევანი, დააზღვიოს შვილი შედარებით ძვირადღირებული პაკეტით, რომელშიც რეაბილიტაციაც იქნება გათვალისწინებული. ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელია შესაბამისი მოთხოვნა წამოვიდეს მშობლების მხრიდან.
„აუცილებლად დადგება დრო, როცა ამას მოსთხოვენ სადაზღვევო კომპანიებს და ისინიც შექმნიან შესაბამის პაკეტებს. მთავარია პრობლემა დადგეს, რომ ეს საჭიროა მკურნალობისთვის,“ - განაცხადა პედიატრმა.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში დაავადების მხოლოდ მწვავე ფორმის მკურნალობა არაა საკმარისი და პაციენტისთვის სარეაბილიტაციო კურსის გავლა სრული გამოჯანმრთელებისთვის ისევე აუცილებელია, როგორც მედიკამენტოზური თუ ქირურგიული მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ჩატარებული მკურნალობის შედეგები, შესაძლოა, დაიკარგოს.