ჰაერში წვრილი ნაწილაკების შემცველობა დასაშვებ ნორმას ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანაში შეესაბამება. საუბარია ნაწილაკებზე, რომლებიც ჰაერში ტრანსპორტიდან და მრეწველობიდან გამოიყოფა და რომლებმაც, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. 


ამის შესახებ საუბარია  The Guardian-ის პუბლიკაციაში, რომელიც ჰაერის ხარისხის კონტროლის შვეიცარიული ორგანიზაციის IQAir-ის მონაცემებს ეყრდნობა. 

აღნიშნული ორგანიზაცია მონაცემებს 30 ათასზე მეტი სადგურიდან იღებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა განთავსებული. მათი გაანალიზების შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში მხოლოდ 7 ქვეყანაშია ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა დასაშვებ ზღვარს ქვემოთ, ევროპის მასშტაბით კი ასეთი ქვეყნების რაოდენობა სამია.

134 ქვეყანას შორის სტანდარტებს ყველაზე მეტად შეესაბამება ავსტრალია, ფინეთი, გრენადა, ისლანდია, მავრიკია, ახალი ზელანდია და ესტონეთი.

საუბარია PM2.5  ნაწილაკებზე, რომლებიც ადამიანის მიერ შესუნთქვის შემთხვევაში ჯანმრთელობას აზიანებს და, შესაძლოა, სიკვდილიც კი გამოიწვიონ.


მართალია, მსოფლიოში ჰაერი ბევრად სუფთაა, ვიდრე გასული საუკუნის უმეტეს პერიოდში, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, სადაც დაბინძურების დონე განსაკუთრებით საშიშია. ყველაზე დაბინძურებულ ქვეყანაში, პაკისტანში  PM2,5-ის შემცველობა ჯანმოს მიერ დადგენილ, დასაშვებ ზღვარს 14-ჯერ აჭარბებს. ინდოეთი, ტაჯიკეთი და ბურკინა-ფასო ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე მომდევნო ქვეყნები არიან.


თუმცა მდიდარ და სწრაფად განვითარებად ქვეყნებშიც კი ჰაერის დაბინძურების მხრივ პროგრესი საფრთხის ქვეშაა. მაგალითად კანადაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ჰაერის მქონე ქვეყნად, გასულ წელს PM2.5-ით დაბინძურების მაღალი დონე დაფიქსირდა, რისი მიზეზიც ტყის ხანძრები გახდა. ხანძრების შედეგად ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებები მოხვდა. 


ჩინეთში კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროცესი შარშან შეფერხდა, როცა კოვიდ-რეგულაციები მოიხსნა და ეკონომიკური აქტივობა აღდგა.

არსებული მონაცემებით, 2021 წელს ჰაერის დაბინძურების გამო ევროკავშირში ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა, მათი ნახევრის გადარჩენა კი შესაძლებელი იყო, თუკი ჰაერის დაბინძურება ექიმების მიერ რეკომენდებული ნორმის ფარგლებში იქნებოდა. 


რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელი მონაცემებით, რომლებიც საიტ iqair.com-ზეა განთავსებული, ჰაერის ხარისხი შეფასებულია, როგორც „კარგი“.