Pfizer-ს რთული წლები ელის - მიზეზი COVID-19-ის გაყიდვების შემცირება და მოგების მარჟაზე ზეწოლაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კომპანიამ განაცხადა, რომ 2026 წლიდან მოყოლებული, მომდევნო რამდენიმე წელი მისთვის რთული იქნება, რისი მიზეზიც COVID ვაქცინისა და სამკურნალო მედიკამენტების გაყიდვების შემცირება, აშშ-ის მთავრობისთვის დაპირებული ფასების კლება და ძირითადი პრეპარატების პატენტების ვადის გასვლაა.
სამშაბათს, ფარმაცევტული გიგანტის აქციები 5.2%-ით დაეცა. 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე კი Pfizer-ის აქციები 50%-ზე მეტითაა გაუფასურებული, რადგან COVID ვაქცინებსა და მკურნალობაზე მოთხოვნა შემცირდა, რის გამოც კომპანია კონკურენტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა.
Pfizer-ი მომავალ წელს COVID-ის პროდუქტებიდან შემოსავლის 1.5 მილიარდი დოლარით შემცირებას ელის.
2026 წელს კი კვლევისა და განვითარების მიმართულებით, კერძოდ ანტისხეულების შემუშავებისა და კლინიკური პროგრამების გამო მისი ხარჯები იზრდება.
ფარმაცევტული კომპანია შემოსავლების ზრდას 2029 წლამდე არ პროგნოზირებს, რადგან ის ახალი ბლოკბასტერული პრეპარატების შემუშავებაზე მუშაობს, მათ შორის - ბოლო გარიგებებში შეძენილი სიმსუქნის სამკურნალო საშუალებების.
მას შემდეგ, რაც კომპანიამ ხელი შეუწყო COVID ვაქცინის შემუშავებას და Paxlovid-ის წარმოებას, მას არ შეუქმნია რაიმე რევოლუციური პრეპარატი. კომპანიის მიზანია 2027 წლამდე ყოველწლიურად 7 მილიარდ დოლარზე მეტის დაზოგვა, რათა ხარჯები გააკონტროლოს.





