სურსათის ფასებთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ პრემიერი მედიკამენტების მაღალ ფასებზე საუბრობს და მათი შემცირების მიზნით გარკვეული ზომების მიღებას აანონსებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. 

"ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება. მადლობა ამისათვის ეკონომიკის მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროს. დეტალურად გაკეთდა ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ფასების ზრდას. შედეგი არის ის, რომ ფასნამატი არის ძალიან მაღალი. საქართველოს საზღვრიდან დახლამდე ფასნამატი შეადგენს 86 პროცენტს და დახლამდეც ვერ ვიტყოდით, რადგან აქ არ შედის არც იმპორტის და არც დღგ-ს გადასახადი. ამის გარეშე, არის ფასნამატი 86 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი. ამაში არ შედის ასევე საზღვრამდე ფასნამატი. მთლიანობაში რომ დავაჯამოთ, არის საკმაოდ მაღალი ფასნამატი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს პროდუქტებზე ფასების გაძვირებას. ჩვენ ასევე შესწავლილი გვაქვს, თუ როგორია ფასნამატი თავად ევროპის ქვეყნებში, საბითუმო ფასსა და საცალო ფასს შორის, ეს მერყეობს დაახლოებით 30-დან 40 პროცენტამდე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი რომ გავაანალიზეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მიუახლოვდეს მაქსიმალურად ევროპულ ფასებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებელი. დანარჩენი არის დამატებითი შესწავლის საგანი.

 ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად წარიმართოს ეს ყველაფერი. დაგვჭირდება კონსულტაციები სადისტრიბუციო კომპანიებთან და ასევე სუპერმაკეტების ქსელების წარმომადგენლებთან. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა უკვე დაადასტურა მზაობა, რომ შექმნას საპარლამენტო კომისია ამისათვის და სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ასევე გამოხატეს მზაობა, რომ შექმნან შესაბამისი პროცესი უშუალოდ სამართალდამცავ სტრუქტურებში. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა უნდა მოგცეს შედეგი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ფასების დაწევა პროცესის საფუძველზე არის შესაძლებელი. იგივე ეხება, მათ შორის ალბათ ფარმაცევტულ სექტორსაც. აქაც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, რომ იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა. ეს არის საზოგადოების ინტერესებში. მთავარია, ჩვენ ზუსტად დავადგინოთ, სად  იმატებს ფასი ჭარბად და სად არის შესაძლებელი ფასნამატის შემცირება, იქ რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, ასეთი კანონმდებლობის შემოღებაზე და სხვა ზომებზე, რამაც შეიძლება, საბოლოო ჯამში უზრუნველყოს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების უკეთ დაცვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ამ კუთხით ევროპული, კერძოდ გერმანული გამოცდილების მაგალითი მოიყვანა:

„მაგალითად, ფარმაცევტული მიმართულებით, გერმანიაში ქსელების არსებობა საერთოდ არ არის დაშვებული. ერთი კონკრეტული სუბიექტის მიერ ერთ ქალაქში ერთზე მეტი აფთიაქის ფუნქციონირება საერთოდ არ არის დაშვებული. აქ არ არის საუბარი უხეშ ჩარევაზე ბიზნესში, აქ არის საუბარი იმაზე, რომ თუ არსებობს კარტელური გარიგებები, ჩვენ უნდა შევქმნათ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ასეთი კარტელური გარიგებების აღსაკვეთად. ბიზნესის რეკეტი ვისი ხელწერაც არის, ყველას კარგად ახსოვს. ჩვენი ხელწერა ეს არ არის. ჩვენ ბიზნესში უხეშად ვერ ჩავერევით. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები უნდა იყოს განმსაზღვრელი ქართულ ეკონომიკაში, მაგრამ ამასთან ერთად, თუ არსებობს კარტელები, კარტელური გარიგებები, ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო, თუ სხვა ფორმით რეაგირება.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ანუ ზღვრული ფასები 2023 წლის იანვრიდან მოქმედებს და ამ მედიკამენტების სიაში 7500-ზე მეტი პრეპარატია შესული. 

რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.  ცვლილებით, სახელმწიფომ, მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა. 

რას გულისხმობს პრემიერის ინიციატივა და რომელ მედიკამენტებს შეეხება ის, ეს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.