ბოლო წლებში ე.წ. ფრინველის გრიპის ახალი შტამების გააქტიურება სულ უფრო მეტი სპეციალისტის შეშფოთებას იწვევს. სათანადო ზომების გარეშე, დიდი ალბათობით, მომავალში ის ადამიანიდან ადამიანზე დაიწყებს გადაცემას და შესაძლოა, ახალი პანდემიის მიზეზიც გახდეს. თემას ამჯერად გერმანული გამოცემა BILD-ი აშუქებს.
გამოცემა წერს, რომ 2021 წელს ვირუსმა H5N1-მა ჩრდილოეთ ამერიკას მიაღწია და უკვე 2023 წლის შემოდგომაზე ინფექციით ძროხები დაავადდნენ. ახლა ინფექციის ტალღა 12 შტატშია გავრცელებული.
ჟენევის უნივერსიტეტის ახალი ვირუსული დაავადებების ცენტრის ხელმძღვანელის იზაბელ ეკერლის თქმით, ადამიანების დაინფიცირების საფრთხე მით უფრო გაძლიერდება, რამდენადაც ის სხვადასხვა ძუძუმწოვრებში ფართოდ გავრცელდება.
ამასთან, ჰარვარდის ეპიდემიოლოგი მაიკლ მინა ამბობს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, როცა არ იღებს სათანადო ზომენს დაავადების გავრცელების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე H5N1 უკვე თაგვებსა და კატებს შორისაა აღმოჩენილი.
ვირუსს შეუძლია ადამიანებში გამოიწვიოს როგორც ზედა სასუნთქი გზებისა და თვალის მსუბუქი ინფექციები, ისევე პოტენციურად სასიკვდილო დაავადებები, ისეთი, როგორიცაა პნევმონია.
ამ ეტაპზე ფრინველის გრიპის ეს შტამი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. ადამიანების გარდაცვალების შემთხვევები კი ძალიან იშვიათია, თუმცა სულ უფრო მეტი სპეციალისტი აცხადებს, რომ აუცილებელია უკვე ახლა მიღებული იქნას სათანადო ზომები, რათა პოტენციური პანდემია შევაჩეროთ.
ივნისის დასაწყისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში ე.წ. ფრინველის გრიპის სახეობით - H5N2-ით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა.
ეს ფაქტი მექსიკაში დაფიქსირდა. მექსიკის გრიპის ნაციონალურ ცენტრში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცი A გრიპის ქვეტიპით H5N2-ით იყო ინფიცირებული.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს არ ჰქონია კონტაქტი შინაურ ფრინველთან. დაინფიცირების ზუსტი წყაროს აღმოჩენის მიზნით კვლევები ახლაც გრძელდება.
H5N2-ს ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს.
მექსიკაში მომხდარი შემთხვევა არის პირველი პრეცედენტი, როცა ადამიანი H5N2 ქვესახეობის გრიპით დაინფიცირდა. სხვა ქვეტიპის ვირუსებით დაავადების შემთხვევები უკვე არაერთხელ დადასტურებულა.