Pfizer-ი აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებულ, ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტი Lorbrena შესაძლოა გახდეს მილიარდი დოლარის ღირებულების ბლოკბასტერი.
ფარმაცევტულმა გიგანტმა განაცხადა, რომ Lorbrena-მ ბლოკბასტერის ტიტული შესაძლოა უკვე 2030 წლისთვის მოიპოვოს. ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს კომპანიას აძლევს ის მონაცემები, რომელთა თანახმად დასტურდება, რომ პრეპარატი პაციენტების ხუთწლიან გადარჩენადობას უზრუნველყოფს, თან, რაც მნიშვნელოვანია - ცხოვრების ხარისხის გაუარესების გარეშე.
რამდენიმე დღის წინ Pfizer-მა გამოაქვეყნა მედიკამენტის კვლევის მესამე ფაზის დაკვირვების შედეგები, რომელთა თანახმად, ფილტვის კიბოს იშვიათი სახეობის მქონე პაციენტების 61%-ში, რომლებიც მედიკამენტს იღებდნენ, 5 წლის შემდეგ დაავადების პროგრესირება აღარ აღინიშნებოდა. იმ პაციენტებში კი, რომლებიც Pfizer-ის წინა თაობის პრეპარატ „ქსალკორით“ მკურნალობდნენ, 5 წლის თავზე მხოლოდ 8%-ში არ აღინიშნებოდა დაავადების პროგრესირება.
მიღებული მონაცემების მიხედვით, Lorbrena დაავადების პროგრესირებისა და გარდაცვალების რისკს 81%-ით ამცირებს „ქსალკორის“ შედეგებთან შედარებით.
Pfizer-ის ონკოლოგიის განვითარების მიმართულების დირექტორმა როჯერ დენსიმ ამ შედეგებს „უპრეცედენტო“ უწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოპულარობის ზრდისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად ახალი მედიკამენტის გაყიდვებმა შესაძლოა მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მანამდე კომპანიამ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მის ონკოლოგიურ განყოფილებას მინიმუმ რვა მედიკამენტი-ბლოკბასტერი ექნება წარმოებული.
მანამდე Pfizer-ის ბესტსელერი კოვიდვაქცინა იყო, რომლის გაყიდვებმაც 2022 წლისთვის მაქციმუმს მიაღწია და 37,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2023-ში კი ვაქცინაზე მოთხოვნა 70%-ით, 11,2 მილიარდ დოლარამდე დაეცა.